ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია აპრილის აქციებზე კანონიერებისკენ მოუწოდებს

ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია 9 აპრილიდან დაგეგმილ საპროტესტო აქციებზე ყველა მხარეს კანონიერებისკენ მოუწოდებს და გამოთქვამს იმედს, რომ არ იქნება გამეორებული 7 ნოემბრის შეცდომები.

”მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას – დაიცვას და უზრუნველყოს მოქალაქეთა უფლება მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან საპროტესტო აქციაში და მხედველობაში მიიღოს აქციის მონაწილეების მიერ წამოჭრილი საკითხები,”- ნათქვამია 3 აპრილს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; სამართლიანი არჩევნები;  საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო; ახალი თაობა ახალი ინიციატივა. 

ისინი ასევე მოუწოდებენ აქციის ორგანიზატორ პარტიებს, რომ მათი რიტორიკა და ქმედება არ მოვიდეს წინააღმდეგობაში კანონის მოთხოვნებთან და უზრუნველყონ აქციის მშვიდობიანად ჩატარება; მედიის წარმომადგენლებს  – ”ზუსტად, ობიექტურად და დროულად” გააშუქონ 9 აპრილს განვითარებული მოვლენები, ხოლო აქციის მონაწილეებს  – მათი ქმედება იყოს მშვიდობიანი, რათა არ გამოიწვიოს ძალადობის პროვოცირება.

დღეს, 9 აპრილის ორგანიზატორი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით იწყებენ საპროტესტო მოძრაობას, დასავლეთ საქართველოში – ქუთაისსა და ბათუმში მართავენ საინფორმაციო შეხვედრებს. 4 აპრილს ოპოზიციური კოლონა ოზურგეთს და ზუგდიდს ეწვევა.

Exit mobile version