ბეჟუაშვილის თქმით, საეჭვო რუსულ ინვესტიციაზე საუბრისას ”ენგურჰესს” არ გულისხმობდა

დაზვერვის სამსახურის უფროსმა გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ ოქტომბერში, როცა ის საქართველოს ენერგო სექტორში  საეჭვო რუსული ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობზე საუბრობდა, ”ენგურჰესს” არ გულისხმობდა.

”ეს არ იყო ენგურჰესი, ეს იყო სხვა ობიექტი,”- განუცხადა მან 20 მარტს Civil.ge-ს, ”ის იყო და არის დღესაც საიდუმლო ინფორმაცია”.

ბეჟუაშვილმა 25 ოქტომბერს აგვისტოს ომის შემსწავლელ საპარლამენტო კომისიას განუცხადა, რომ მისმა სტრუქტურამ აცნობა ეკონომიკის სამინისტროს და ენერგეტიკის სამინისტროს საეჭვო ინვესტორის შესახებ, რომელიც საქართველოს ენერგო სექტორში ინვესტიციის განხორციელებას ომის შემდეგ გეგმავდა. მაშინ არც ამ ობიექტის და არც შესაძლო ინვესტიციის განმახორციელებლის ვინაობა არ დაკონკრეტებულა.

დეკემბრის ბოლოს საქართველომ რუსული სახელმწიფო კომპანია ”ინტერ რაოსთან” ენგურჰესის ერთობლივი მართვის თაობაზე ურთერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი, რამაც ოპოზიციის მწვავე კრიტიკა გამოიწვია. ამ მემორანდუმის საჯაროდ გამოქვეყნებაზე, დაინტერესებული ჯგუფების თხოვნის მიუხედავად, ხელისუფლება დღემდე უარს აცხადებს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 12 მარტს განაცხადა, რომ ”რუსებთან საუკეთესო ვარიანტის მისაღწევად” მიმდინარეობს ჰესის მართვაზე იურიდიულად სავალდებულო ხელშეკრულებაზე მუშაობა.

 

Exit mobile version