დაზვერვის სამსახურის უფროსმა გელა ბეჟუაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის მთავარი მიზანია საქართველოს ხელისუფლების შეცვლა და ამის მიღწევას ”დესტაბილიზაციის და შიდა არეულობის გზით” შეეცდება.
”იკვეთება – და ეს არის დადასტურებული ინფორმაცია – ინტერესი იმის, რომ დესტაბილიზაცია მოხდეს საქართველოში, ვინაიდან რუსეთისთვის არასტაბილური საქართველო უფრო მართვადია, ვიდრე სტაბილური,”- განაცხადა მან, ”შესაბამისად, რადგან ინტერესი არის, არის გეგმა იმისა, რომ დესტაბილიზაციის პირობებში, ქვეყანაში შიდა არეულობის პირობებში რა იქნება მათი მოქმედების გეგმა. დარწმუნებული ვარ, რომ თანხებიც გამოყოფილია,ხალხიც მუშაობს და [რუსეთში] საგანგებო შტაბიც არის შექმნილი… ვისზე აკეთებენ აქცენტს, როგორ აკეთებენ, ეს რომც ვიცოდე, დღეს არ ვიტყოდი, მაგრამ ჩვენ ვადევნებთ თვალყურს და იკვეთება რაღაც”.
მან ეს განცხადება პარლამენტში 20 მარტს მას შემდეგ გააკეთა, რაც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თხოვნით წარადგინა მისი სამსახურის ანგარიში საქართველოს წინაშე არსებულ რუსულ საფრთხეზე. მისი მოხსენება კომიტეტის სხდომაზე საკმაოდ მცირე დროის ფარგლებში დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.
კომიტეტის სხდომაზე მან გაიმეორა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია და განაცხადა: ”ჩვენ ხელთ არსებული მასალების ანალიზი არ იძლევა საფუძველს ვივარაუდოთ, მოსალოდნელია ფართომასშტაბიანი აგრესია რუსეთისგან უახლოეს პერიოდში”.
თუმცა, მან იქვე აღნიშნა, რომ კრემლში საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განახლების სცენარი არსებობს და ”ამას ჰყავს საკმაოდ ძლიერი და გავლენიანი ლობი რუსეთის ხელისუფლებაში”.
ბეჟუაშვილი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლებაში ”დღეისათვის მიჩნეულია”, რომ სხვა გზით – შიდა არეულობის გზით უნდა მოხდეს საქართველოზე ზეწოლა.
მან რუსეთის პირდაპირი აგრესიის შემაკავებელ ფაქტორად დაასახელა იქ არსებული ეკონომიკური კრიზისი, რომელსაც მოსკოვი, მისი შეფასებით, მომზადებული შეხვდა, თუმცა მასშტაბები ვერ გათვალა. მან ასევე არ გამორიცხა, რომ რუსეთმა ესკალაციის გზას მიმართოს შიდა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გადასაფარად, რომლებიც პიკს ”2009 წლის მეორე ნახევარში მიაღწევს”.
ბეჟუაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ რუსეთისთვის ”აქილევსის ქუსლად” რჩება ჩრდილოეთ კავკასია, სადაც 1-2 წელიწადში, მისი თქმით, მასშტაბურ კრიზისს არ ექნება ადგილი. ამ კონტექსტში მან ახსენა, რომ საქართველოზე კონტროლი რუსეთისთვის ”სასიცოცხლო მნიშვნელობის” საკითხია და ”ამ მიდგომის ცვლილება ნაკლებად სავარაუდოა”.
მისი შეფასებით, საქართველოს მიმართ რუსეთის ძირითადი მიზნები უცვლელი რჩება – ”ესაა: არსებული ხელისუფლების შეცვლა, სახელმწიფოებრიობის შესუსტება, სუვერენიტეტის შელახვა და მისი პოლიტიკის საკუთარი კონტროლის ქვეშ მოქცევა”.
თუმცა, მისი თქმით, აგვისტოს ომის შემდეგ ცვლილება განიცადა კონფლიქტური რეგიონების საქართველოს წინააღმდეგ გამოყენების მიდგომებმა.
”თუ ადრე რუსეთი იყენებდა ამ კონფლიქტის ზონებს ზეწოლის ბერკეტად და ვაჭრობის საგანი იყო რუსეთის მიზნების მისაღწევად, ამჟამად ეს ტერიტორიები გამოიყენება, როგორც პლაცდარმი საქართველოს მიმართ აგრესიული პოლიტიკის გატარებისთვის,”- განაცხადა მან.
მისი თქმით, ეს პოლიტიკა გულისხმობს: მუდმივი პროვოკაციების და დაძაბულობის კერების არსებობას; პოლიტიკური და ეკონომიკური დესტაბილიზაციის გამოწვევას საქართველოში; საფრთხის შექმნას მთავრობაში და მოსახლეობაში შიშის გრძნობის და კაპიტულანტური განწყობების პროვოცირების მიზნით; ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს წინააღმდეგ სადაზვერვო, რადიო-ელექტრონული საშუალებებით და ძირგამომთხრელი მუშაობის წარმოებას.
მისი თქმით, საერთაშორისო არენაზე საქართველოს წინააღმდეგ რუსეთს ოთხი უმთავრესი მიზანი ამოძრავებს. ესენია: საქართველოს მიმართ აგრესიული პოლიტიკის გამართლება, მარიონეტული რეჟიმების აღიარების მიღწევა, საქართველოს იზოლირება და საკუთარი გავლენის სფეროდ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარება. მან განაცხადა, რომ ამ მიზნების რეალიზების საქმეში ჩართულები არიან როგორც რუსული სპეცსამსახურები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
დაზვერვის შეფის ინფორმაციით, რუსეთი აქტიურად იყენებს საერთაშორისო ლობისტურ ჯგუფებს, PR-კომპანიებს და უცხოურ მედიას საქართველოს დისკრედიტაციაზე და დეზინფორმაციის გავრცელებისთვის.
მისი თქმით, რუსეთმა მხოლოდ 2008 წელს საქართველოსთან PR-ომში 20 მლნ აშშ დოლარზე მეტი დახარჯა.
მან ასევე დაასახელა ის კომპანიები, რომლებსაც, მისი თქმით, კრემლი პირდაპირ თუ ”გაზპრომის” მეშვეობით უკვეთავდა 2006 წლიდან საქართველოს დისკრედიტაციის კამპანიას. ამ კომპანიებს შორის მან დაასახელა: Ketchum Ltd ; Gavin Andreson; GPlus; Alston&Bird, LLP.
2008 წელს საქართველოს ხელისუფლებას დაქირავებული ჰყავდა ბრიუსელში არსებული PR-საკონსულტაციო კომპანია Aspect Consulting, რის შესახებაც ამ კომპანიის წარმომადგენლებმა თავად გააკეთეს განცხადებები.
იმავდროულად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა 20 მარტს, რომ სტაბილურობას საქართველოში აქვს ორი ძირითადი ელემენტი. ”ესაა: ძლიერი ხელისუფლება და ძლიერი და პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია,” – განაცხადა მან ინტელიგენციის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, რომელიც იყო იმ შეხვედრების სერიის ნაწილი, რომელსაც ის სხვადასხვა ჯგუფებთან მართავს ბოლო დღეების განმავლობაში.