რუსეთის მთავარი სამხედრო პროკურატურა სერჟანტ ალექსანდრე გლუხოვს, რომელმაც იანვარში დატოვა ახალგორში განთავსებული რუსული სამხედრო ნაწილი და საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფარი თხოვა, დეზერტირობაში სდებს ბრალს.
”მის საქმესთან დაკავშირებით დეზერტირობაზე აღვძარით [საქმე],”- განუცხადა ”რია ნოვოსტის” 17 მარტს რუსეთის მთავარმა სამხედრო პროკურორმა სერგეი ფრიდინსკიმ.
თავდაპირველად, რუსული მხარე ირწმუნებოდა, რომ გლუხოვი ქართველმა სამართალდამცავებმა გაიტაცეს; ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ გლუხოვი აიძულეს სატელევიზიო მიმართვა გაეკეთებინა თავშესაფართან დაკავშირებით. თავად გლუხოვი, რომელიც კვლავაც საქართველოს აფარებს თავს, აცხადებდა, რომ მან სამხედრო ნაწილი ცუდი პირობების გამო დატოვა.