დღეს პარლამენტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად წარდგენილი 12 კანდიდატურიდან ოთხი წევრის არჩევას დაუჭირა მხარი.
კომისიის წევრების თანამდებობები დაიკავეს: სოფიო ბრიტანჩუკმა, რომელიც კომისიის წევრი აქამდეც იყო და ამ დრომდე კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა; კარლო კვიტაშვილმა, ამავე კომისიის წევრობის მოვალეობის შემსრულებელმა; აკაკი სიხარულიძემ, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის კანდიდატი იყო და ირაკლი მოსეშვილმა, რომელმაც კომისიაში საპარლამენტო უმცირესობის კვოტა შეავსო. მოსეშვილი, რომელიც წლების განმავლობაში ტელევიზიებში, მათ შორის ”იმედში” მუშაობდა, ამ თანამდებობაზე ქრისტიან-დემოკრატების დეპუტატებმა წარადგინეს.
კომისიის მე-5 წევრის თანამდებობა კვლავ ვაკანტური რჩება მიმდინარეობს რა კონკურსი კანდიდატების გამოსავლენად.
დეკემბერში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, 5-წევრიან კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში თითო-თითო წევრის დანიშვნის უფლება მიიღეს საპარლამენტო უმცირესობამ და უმრავლესობამ. ამ ცვლილებების შედეგად იანვარში კომისიის ყოფილ შემადგენლობას უფლებამოსილება შეუწყდა და ეს გახდა კომისიის ხელახალი დაკომპლექტების საფუძველი.