აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიგაუდას უშაცკასმა 9 მარტს გამართულ შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს შესახებაც იმსჯელეს.
”ჩვენ ვაგრძელებთ დემოკრატიის მშენებლობასა და თავისუფალი ბაზრის შესახებ ჩვენი გამოცდილების გაზიარებას ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა უკრაინა და საქართველო,”- განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ”ჩვენ ძლიერად ვუჭერთ მხარს უკრაინის და საქართველოს მომავალ წევრობას [ნატოში]. ამ ქვეყნებს ბევრი აქვთ სასწავლი ცენტრალური ევროპის ქვეყნების მაგალითებსა და გაკვეთილებზე და მე ველი მუშაობას სახელმწიფო მდივანთან და მის გუნდთან რეფორმების შემდგომ განხორციელებასა და საუკეთესო გაკვეთილების გაზიარებაზე ჩემს მიერ ნახსენებ ქვეყნებთან”.