ბაქოს ქართული დიასპორა ქართველებს მოუწოდებს ევროვიზიაზე არ გაემგზავრონ

ბაქოში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები ”უკიდურეს შეშფოთებას” გამოთქვამენ მაისში მოსკოვში დაგეგმილ ევროვიზიაზე  ქართული ჯგუფის მონაწილეობის გამო და მოუწოდებენ მათ უარი თქვან კონკურსზე. 

ბაქოში მცხოვრები ქართული დიასპორის მიმართვა დღეს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გაავრცელა.

”მიგვაჩნია, რომ არ არის მართებული იმ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ტარდება ჩვენი ქვეყნისა და ერისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის ტერიტორიაზე,” – ნათქვამია მიმართვაში, ”საქართველოს მიმართ განხორციელებული აგრესიის, ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ, რომელსაც არაადამიანური ფორმებით თან ახლდა ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა, დაუშვებლად და ამორალურად მიგვაჩნია ოკუპანტ ქვეყანაში გამართულ მუსიკალურ-გასართობ კონკურსში ქართველების მონაწილეობა”.

აგვისტოს ომის შემდეგ ქართულმა მხარემ იმის გამო, რომ კონკურსი მოსკოვში ტარდებოდა, ბოიკოტი გამოუცხადა ევროვიზიას. თუმცა მოგვიანებით პოზიცია შეცვალა და შიდა შესარჩევი კონკურსის საფუძველზე გამოავლინა გამარჯვებული ჯგუფი სტეფანე& 3G სიმღერით  – We don’t Wanna Put In. ეს სიმღერა შინაარსობრივად აპოლიტიკურია, თუმცა მასში ისმის რუსეთის პრემიერის ვლადიმერ პუტინის გვარი, რამაც წინასწარი გაღიზიანება გამოიწვია როგორც მოსკოვში, ასევე თბილისშიც. ამჟამად, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ეს სიმღერა უკვე გადის სათაურით ”Put In Disco”, თუმცა მისი ტექსტი კვლავ უცვლელია. არსებული ფორმით სიმღერის კონკურსზე გატანის საკითხს ევროვიზიის დირექცია 16 მარტისთვის გადაწყვეტს.

Exit mobile version