ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მოძრაობა ”სამართლიანი საქართველოს” ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი არაბული კომპანია Rakeen Georgia-ს მოუწოდებს ქართველი პარტნიორების შესახებ საჯაროდ განაცხადოს, რადგან ეჭვობს, რომ მათ შორის პრეზიდენტი სააკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი არიან.
”მერაბიშვილი და სააკაშვილი არ დათანხმდებოდნენ სხვა ინვესტორისთვის, სხვა კომპანიისთვის ”იმედის” ხელში ჩაგდებას,”- განაცხადა ნოღაიდელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ტელე და რადიო კომპანია ”იმედის” 90% წილი ჯოზეფ ქეიმ, რომელთანაც ”იმედის” დამფუძნებლის, გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ტელეკომპანიის მფლობელობასთან დაკავშირებით დავა აქვს, 25 თებერვალს არაბულ კომპანია Rakeen Georgia-ს გაურკვეველ ფასად მიჰყიდა; კომპანიის წილის 10%-ის მფლობელი კი კვლავ ქეი დარჩა. პატარკაციშვილის ოჯახმა გააპროტესტა გარიგება და განაცხადა, რომ ”იმედის” დასაბრუნებლად ბრძოლად განაგრძობს, მათ შორის სასამართლო გზით.
”სრულიად ნათელია, რომ დღევანდელი მთავრობა – სააკაშვილი და მერაბიშვილი არც ჯოზეფ ქეის ენდობიან იმდენად, რომ მის ხელში დარჩეს თუნდაც ”იმედი” და ის უფრო სანდო ხელში გადავიდა ანუ მათივე ხელში”, – განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, Rakeen Georgia ხელისუფლების ”მსხვერპლი” გახდა, რადგან ადრე თუ გვიან მოუწევს ამ ”არამომგებიანი ბიზნესის” დათმობა.
”იმედის” ირგვლივ შემდგარი გარიგება გააპროტესტეს ასევე ოპოზიციურმა ძალებმა – ალიანსი საქართველოსთვის, კონსერვატორებმა, მოძრაობამ ერთიანი საქართველოსთვის, საქართველოს გზამ.