საქართველოში რუსული აგრესიის ესკალაციის საფრთხე არ არსებობს და მშვიდობა იმაზე მეტადაა დაცული, ვიდრე იყო რამდენიმე თვის წინ, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 25 თებერვალს.
”რუსეთში დღეს შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, საქართველოს მისწრაფება მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისაკენ, ის საერთაშორისო მხარდაჭერა, რომელიც დღეს აქვს ჩვენს ქვეყანას, გამორიცხავს აგრესიის ესკალაციის შესაძლებლობას, არარეალურს ხდის ფიქრს ძალადობის განახლებაზე,” – განაცხადა მან ოკუპაციის მუზეუმში სტუდენტებთან შეხვედრისას.
”კონფრონტაციით და ომით ჩვენ შედეგს ვერ მივაღწევთ და მინდა, რომ ჩვენს მოწინააღმდეგესაც ესმოდეს, რომ ვერც ის მიაღწევს სისხლისღვრით და ძალადობით მიზანს,”- აღნიშნა მან.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მზადაა აგვისტოს ომის შემდეგ გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს რუსეთთან, ასევე განახლდეს სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა.
თუმცა პრეზიდენტმა დაასახელა სამი პირობა, რაზეც მოსკოვთან დიალოგში, კომპრომისს არ დაუშვებს: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, საოკუპაციო ჯარებთან შეუგუებლობა და თავისუფალი არჩევანის უფლება.
მან მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს დიალოგის გამო ”პიროვნული სირთულეები” გადალახოს. ”მე საკუთარ თავზე მაღლა ვაყენებ ჩვენი ხალხის და მშვიდობის ინტერესებს, ამასვე მოველი ჩემი რუსი კოლეგის დიმიტრი მედვედევსაგან,”- განაცხადა სააკაშვილმა. მედვედევმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის საქართველოს ხელისუფლებას არ დაელაპარაკება.
”ჩვენ მზად ვართ ვებრძოლოთ კრემლს, როდესაც ის ტანკებით გვიტევს როგორც დამპყრობელი, მაგრამ ასევე მზად ვართ, რომ ვაწარმოოთ მასთან დიალოგი, თუ იგი მოვა არა როგორც ოკუპანტი, არამედ როგორც ცივილიზებული, თანასწორი მეზობელი,”- განაცხადა მან, ”მაგრამ ვერასოდეს, ვიმეორებ, ვერასოდეს ვერ შევეგუებით იმას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ფუნქციონირებდეს რუსეთის სამი საელჩო – ერთი სოხუმში, მეორე თბილისიდან ასიოდ კილომეტრში – ცხინვალში და მესამე თბილისში, როგორც ამას ზოგიერთები გვთავაზობენ. ეს წარმოუდგენელი და შეუძლებელია რამდენადაც არ უნდა გვსურდეს დიპლომატიური ურთიერთობის განახლება”.
მისი თქმით, თითქმის საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლშევიკებმა დაიპყრეს საქართველო, ”მაგრამ თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ, იგივე განსაცდელის წინაშე დგას”.
”საქართველოს ისევ უტევს ჩრდილოეთიდან იმპერია და ჩვენი ქვეყნის თავისუფლება ისევ საფრთხის წინაშე დგას,”- განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე განაცხადა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს სამი წინამორბედის – ნოე ჟორდანიას, ზვიად გამსახურდიას და ედუარდ შევარდნაძის მმართველობის მსგავსად, საქართველო კვლავაც რუსული აგრესიის საფრთხის წინაშე დგას.
”სამივეჯერ, იმპერია შეეცადა ფეხქვეშ გაეთელა საქართველოს დამოუკიდებლობა,” – განაცხადა მან, ”სამივეჯერ თბილისი დაათმობინეს და საქართველო დამარცხდა. სამივეჯერ ან დამოუკიდებლობა დავკარგეთ ან სამოქალაქო ომის მორევში აღმოვჩნდით”.
მისი თქმით, იგი არ ამტყუნებს წინამორბედებს, რადგანაც მათ დროს საქართველოს ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდა და თან ”არ გაგვაჩნდა თავდაცვის სისტემა და არ გაგვაჩნდა არანაირი საერთაშორისო მხარდაჭერა”.
”მე, როგორც საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გასულ ზაფხულს ასევე აღმოვჩნდი უმძიმესი არჩევანის წინაშე და მივიღე გადაწყვეტილება, არ დაგვეთმო, წინააღმდეგობა მანამ გაგვეწია, სანამ ეს შესაძლებელი იქნებოდა და სისხლის უკანასკნელ წვეთამდე გვებრძოლა საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად,”- აღნიშნა მან.
”სწორი იყო ეს თუ არა, ამას ისტორია შეაფასებს,”- განაგრძო მან, ”მაგრამ მე არც მთავრობა ჩავაბარე მტერს, არც ბაზების განთავსებაზე მოვუწერე ხელი, არც ქართული არმიის გაუქმებაზე გავეცი განკარგულება, პირიქით, შევინარჩუნეთ და გავაძლიერებთ კიდეც მას და არც თბილისი დავტოვე, იმის მიუხედავად, რომ ბევრი შემოთავაზება მქონდა და პირდაპირ ახდენდნენ ზემოქმედებას ამ მიმართულებით”.
”რა წავაგეთ და რა მოვიგეთ ამასაც ისტორია შეაფასებს, თუმცა უკვე დღეს დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ შევინარჩუნეთ საქართველოს სახელმწიფოებრიობა, თბილისის თავზე ქართული დროშა ფრიალებს, სახელმწიფო ფუნქციონირებს და ქართველები ერთმანეთს არ ესვრიან… ჩვენ წავიფორხილეთ, მაგრამ ისევ ფეხზე ვართ და აუცილებლად გავაგრძელებთ წინსვლას, რადგან 1921 და 1990-იანი წლებისაგან განსხვავებით, დღეს საქართველო მარტო აღარ არის, დღეს ჩვენს გვერდით მთელი ცივილიზებული, მთელი დემოკრატიული სამყარო დგას,”- განაცხადა სააკაშვილმა.