ნებაყოფლობითი დაზღვევის მემორანდუმი

ურთიერთგაგების მემორანდუმი

ჯანმრთელობის ნებაყოფლობითი დაზღვევით მოსახლეობის დაფარვის ხელშეწყობის მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით

ურთიერთგაგების მემორანდუმი გამოხატავს საქართველოს მთავრობისა და კერძო სადაზღვევო კომპანიების თანამშრომლობის სურვილს ხელი შეუწყონ მოსახლეობის ჯანმრთელობის დაზღვევის სისტემაში ინტეგრაციას
სახელმწიფოსა და მოქალაქეების თანამონაწილეობის პრინციპის დაცვით.
  
ამ პროგრამის განხორციელებისთვის, მხარეები, ხელმძღვანელობენ რა თანამშრომლობის  სურვილით, თანხმდებიან, რომ პროგრამის განხორციელების დებულებები შეთანხმებულია მხარეების მიერ და აისახება საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებაში.

მხარეები თანხმდებიან შემდეგზე:

1.ამ პროგრამის მოსარგებლეები არიან 3-დან 60 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები, გარდა ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტების სახსრებით დაფინანსებული სადაზღვევო პროგრამების ბენეფიციარებისა.

2.სადაზღვევო ხელშეკრულებების გაფორმების პერიოდი განისაზღვრება 2009 წლის 1 მარტიდან 2009 წლის 30 ივნისამდე.

3.სამინისტროსა და სადაზღვევო კომპანიების მიერ სტანდარტიზებული იქნება ”ბაზისური” სადაზღვევო პროდუქტის მოცულობა, მინიმალური პრემია და სადაზღვევო დაფარვის ძალაში შესვლისა და შეწყვეტის პირობები.

4.”ბაზისური” სადაზღვევო პროდუქტის მინიმალური წლიური პრემია შეადგენს 60 ლარს, რომლის კორექტირება მოხდება 2009  წლის 30 ივნისის მდგომარეობით პროგრამის ფარგლებში დაზღვეულთა ჯამური რაოდენობის შესაბამისად პროგრამისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრებიდან. პრემიის კორექტირების წესი გაწერილ იქნება შესაბამის სამთავრობო დადგენილებაში.

ა) პროგრამაში მონაწილეობის მსურველი მოქალაქე დაზღვეულია, თუ სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისას ერთჯერადად გადაიხადა სადაზღვევო პროდუქტის წლიური პრემიის მოქალაქის წილი 33% (19,80ლარი);
ბ) სადაზღვევო კომპანია ვალდებულია ყოველთვიურად მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო)  ამ პროგრამაში მონაწილე ბენეფიციარების შესახებ. ინფორმაციის მოცულობას, წარდგენის პირობებს, ფორმატსა და წესს განსაზღვრავს სამინისტრო;
გ) სამინისტრო იღებს ვალდებულებას, რომ სადაზღვევო კომპანიებიდან მიღებული ინფორმაციის გონივრულ ვადაში დამუშავების შემდგომ გადაიხდის ”ბაზისური” სადაზღვევო პაკეტის მინიმალური წლიური პრემიის 67%-ის მეთორმეტედს ყოველთვიურად 3,35 ლარის ოდენობით.

5. პროგრამაში მონაწილე სადაზღვევო კომპანიები უფლებამოსილნი არიან ”ბაზისური” სადაზღვევო პაკეტის ზემოთ შესთავაზონ მოსარგებლეს მომსახურების დამატებითი სადაზღვევო პროდუქტები. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო იღებს ვალდებულებას თანადაფინანსების პრინციპით გადაიხადოს პრემიის ფიქსირებული ოდენობა 3,35 ლარი თვეში თუ ერთ დაზღვეულზე მთლიანი წლიური პრემია არ აღემატება 180 ლარს.

6. პროგრამაში მონაწილე სადაზღვევო კომპანიები უზრუნველყოფენ მოსარგებლისთვის სამედიცინო მომსახურების    გეოგრაფიული ხელმისაწვდომობას.

7. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში სამინისტრო, სადაზღვევო კომპანიები და სამედიცინო  მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებები და ორგანიზაციები შეათანხმებენ მომსახურების შესყიდვის უნიფიცირებულ კონტრაქტს და  პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ანაზღაურების ერთიან ფორმას.

8. პროგრამის ეფექტურობისა და შედეგების შეფასების მიზნით სამინისტრო სადაზღვევო კომპანიებთან ერთობლივად შეიმუშავებს ინფორმაციის აღრიცხვა – ანგარიშგების სპეციალურ ფორმას, ხოლო ამ ფორმით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების უპირობო შესრულებაზე პასუხისმგებელია ამ პროგრამაში მონაწილე ყველა სადაზღვევო კომპანია.

9. სამინისტრო იღებს ვალდებულებას მუდმივი მონიტორინგი განახორციელოს პროგრამის მსვლელობაზე, მომსახურების მიწოდების ორგანიზებასა და ხარისხზე.

10. პროცესში მონაწილე კერძო სადაზღვევო კომპანიები იღებენ ვალდებულებას ამ პროგრამის მსვლელობისას ეთიკური ნორმების დაცვაზე.

11. ამ მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხების დეტალიზებას უზრუნველყოფს მთავრობის შესაბამისი დადგენილება, რომლის გამოქვეყნების შემდგომ სადაზღვევო კომპანიები საკუთარი სურვილისამებრ წერილობით ადასტურებენ პროგრამაში მონაწილეობას.

თბილისი, 18.02.2009

Exit mobile version