2009 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 51.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.3 მლნ აშშ დოლარით, ანუ 12.5%-ით ნაკლებია 2008 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე, განაცხადა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 16 თებერვალს.
ბოლოს ფულადი გზავნილების შემცირება წლის პირველ თვეში 2001 წელს დაფიქსირდა.
ეს ფაქტი ძირითადად უკავშირდება ფულადი ნაკადების შემცირებას რუსეთიდან. 2009 წლის იანვარში ფულადი გზავნილები რუსეთიდან 27 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა, გასულ წელს დაფიქსირებული 35.6 მილიონი აშშ დოლარიდან.
ფულადმა გზავნილებმა უცხოეთიდან 2008 წელს 1 მილიარდ აშშ დოლარს ცოტათი გადააჭარბა, ხოლო 2007 წელს ამ მაჩვენებელმა 866.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
ფონდ ღია საზოგადოება საქართველოსა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ექსპერტების მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, 2009 წელს მოსალოდნელია წმინდა ტრანსფერების მოცულობის შემცირება, რაც ”საკმაოდ მძიმე ტვირთად” დააწვება, როგორც ეროვნულ ვალუტას, ისე მოსახლეობასა და საბანკო სექტორს.