აფხაზური მხარე საერთოდ არ მიიღებს ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილეობას, თუ პლენარული სხდომები მათი თანაბარუფლებიანი მონაწილეობის გარეშე ჩატარდება, განაცხადა სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ 4 თებერვალს.
მან ეს განცხადება ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან – ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან პიერ მორელთან, გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან იოჰან ვერბეკესთან და ეუთოს ბერძნული თავმჯდომარეობის წარმომადგენელთან ხარლამპოს ხრისტეპოლუსთან – სოხუმში გამართულ შეხვედრაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც ოფიციალურმა თბილისმა დააყენა მოთხოვნა პლენარული სხდომების ჩატარების თაობაზე.
”თუ ვიღაც გადაწყვეტს პლენარული სხდომის გამართვას ჩვენი მონაწილეობის გარეშე, ჩვენ საერთოდ უარს ვიტყვით შეხვედრებში მონაწილეობაზე და არცერთი შეთანხმება არ იქნება შესრულებული,” – განაცხადა შამბამ.
მისი თქმით, თუ ჟენევის კონსულტაციები მუდმივ ხასიათს მიიღებს, მაშინ მისი ფორმატი უნდა განისაზღვროს.
”ჩვენ მასში მონაწილეობას მივიღებთ მხოლოდ თანაბარუფლებიან საფუძველზე,”- განაცხადა მან, ”თუ საუბარი წავა რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კონკრეტული მექანიზმების ფორმირებაზე, მაშინ ამ შეხვედრებზე წარმოდგენილი უნდა იყვნენ მხარეები და არა ცალკეული პიროვნებები”.
ჟენევაში გამართული შეხვედრების ბოლო ორი რაუნდი ნოემბერსა და დეკემბერში ორი არაოფიციალური სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შედგა, სადაც მონაწილეები ინდივიდუალურ საფუძველზე იყვნენ წარმოდგენილი, იმ სუბიექტების იდენტიფიკაციის გარეშე, რომელთაც ისინი წარმოადგენდნენ. ასეთი მიდგომით თავიდან იქნა აცილებული მონაწილეთა სტატუსთან დაკავშირებული უთანხმოებები, რაც პლენარული სხდომის გამართვის შემთხვევაში წინა პლანზე იწევს.
მომდევნო შეხვედრა ჟენევაში 17-18 თებერვალს იგეგმება. პროცესის თანათავმჯდომარეები ამ შეხვედრის მომზადების მიზნით სოხუმში ვიზიტამდე მოსკოვს და თბილისს სტუმრობდნენ.