ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს კრიზისის საკითხებში პიერ მორელი 28 იანვარს მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა და 17-18 თებერვალს ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის შესახებ იმსჯელა.
”სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ზონებში არსებული ვითარების განხილვისას, რუსული მხრიდან აქცენტი გაკეთდა ამ ადგილებში უსაფრთხოების რეჟიმების სწრაფად შეთანხმების აუცილებლობაზე ევროკავშირის დამკვირვებლებთან ერთად, რომელთაც რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის სამშვიდობო შეთანხმებებით ქართული მხრიდან ძალის არ გამოყენების შესახებ გარანტიები აიღეს,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.
შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების საველე მისიების საქმიანობის გაგრძელების საკითხები.
სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის გაგრძელებას რუსეთმა ვეტო დეკემბერში დაადო. რაც შეეხება საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიის მანდატის გახანგრძლივებას, რომელიც აფხაზეთის მიმართულებით მუშაობს, ამ საკითხს გაეროს უშიშროების საბჭო თებერვალში განიხილავს, სადაც რუსეთი ასევე ვეტოს უფლებით სარგებლობს.