ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აგვისტოს ომზე რეზოლუციას განიხილავს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტი ”უფრო გამკაცრდა” და ”კიდევ უფრო გმობს” რუსეთის მიერ ასამბლეის ოქტომბრის რეზოლუციის შეუსრულებლობას, განაცხადა საქართველოს დელეგაციის წევრმა, დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა 27 იანვარს; თუმცა, ამ დრომდე უცნობია, თუ რა ტიპის ცვლილებები იქნა შეტანილი თავდაპირველ პროექტში.

აგვისტოს ომის შედეგების შესახებ ასამბლეის ოქტომბრის რეზოლუციისგან განსხვავებით, რომელმაც რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების შესახებ გადაწყვეტილების შეცვლა მოსთხოვა, რეზოლუციის თავდაპირველი პროექტი აცხადებს, რომ ასამბლეა ”სინანულს გამოთქვამს” რუსეთის პარლამენტის ორივე პალატის მიერ ორ სეპარატისტულ რეგიონთან თანამშრომლობის ხელშეკრულებების ერთხმად რატიფიცირების გამო.

რეზოლუციის პროექტის თანახმად, რომელსაც საპარლამენტო ასამბლეა 28 იანვრის სხდომაზე განიხილავს, ამგვარი ქმედება არის ”დარღვევა” 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხების და ასევე ”საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და მისი საზღვრების ურღვევობის”.

საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაცია 26 იანვარს მიესალმა იმ ფაქტს, რომ ახალი რეზოლუციის პროექტი აღარ შეიცავდა მოწოდებას სეპარატისტული რეგიონების აღიარების გაუქმების შესახებ.

”მიუხედავად იმისა, რომ პროექტის ავტორებს განსხვავებული პოზიციები აქვთ რუსეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მე ვხედავ პრინციპულ განსხვავებას იმ პოზიციებთან, რომლებიც ოქტომბრის რეზოლუციაში იქნა გამოხატული და რომელიც მოუწოდებდა რუსეთს აღიარების შესახებ გადაწყვეტილების შეცვლისკენ და ასევე მოუწოდებდა სხვა წევრ სახელმწიფოებს არ ეღიარებინათ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი – ეს არის პოზიცია, რომელიც ოქტომბერში გამოიხატა. მაგრამ ახლა პროექტის ავტორებმა მხოლოდ ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ ისინი არ ეთანხმებიან რუსეთის გადაწყვეტილებას – ეს არის პრინციპულად განსხვავებული მიდგომა,” – განუცხადა რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა კონსტანტინე კოსაჩევმა რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროს 26 იანვარს.
 
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა 26 იანვარს განუცხადა რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროს, რომ ქართულმა მხარემ რეზოლუციის პროექტში 20-ზე მეტი ცვლილება მოამზადა.

”მე ველოდი ცხარე დებატებს და დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის ქმედებები ძალიან მკაცრად შეფასდება, რადგანაც რუსეთმა არა მარტო არ შეასრულა ოქტომბრის რეზოლუციის დებულებები, არამედ კვლავაც არღვევს მათ, მათ შორის სეპარატისტულ რეგიონებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების გზით,” – განაცხადა მან 26 იანვარს. ”მრჩება შთაბეჭდილება, რომ ადამიანებს საპარლამენტო ასამბლეაში ეს კარგად ესმით, ამდენად, მწვავე შეფასებებს ველი რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით”.

რეზოლუციის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ ასამბლეა ”წუხს იმის გამო, რომ რუსეთმა ჯერ არ შეასრულა იმ მოთხოვნების უმეტესობა,” რომლებიც ოქტომბრის რეზოლუციაშია დაყენებული; პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველომ ”შეასრულა ბევრი, თუმცა არა ყველა მოთხოვნა”.

რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ ასამბლეა ”გმობს არსებულ ეთნიკურ წმენდას და ადამიანის უფლებათა სხვა დარღვევებს სამხრეთ ოსეთში, ასევე რუსეთის და დე ფაქტო ხელისუფლებების უუნარობას შეაჩერონ ეს პროცესი და დანმაშავეები დასაჯონ”.

პროექტი მიესალმება საქართველოს პროკურატურის მიერ ომის დროს ორივე მხარის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტების გამოძიების დაწყებას, განსაკუთრებით ”იმ უამრავი მტკიცებულებების ჭრილში, რომ როგორც საქართველომ, ისე რუსეთმა დაარღვიეს ადამიანის უფლებები და ჰუმანიტარული სამართალი”. რეზოლუცია ”სინანულს გამოთქვამს” იმაზე, რომ რუსულმა მხარემ არ დაიწყო ანალოგიური გამოძიება.

დოკუმენტი ასევე მოუწოდებს რუსეთს და ორივე სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლებებს ”დაუყონებლივ შეწყვიტონ პროვოკაციები და თავდასხმები ადმინისტრაციული საზღვრების სამხრეთ ოსური და აფხაზური მხრიდან”. 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version