საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აპროტესტებს რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის ”ცინიკურ” დავალებას საქართველოსთან და მის სეპარატისტულ რეგიონებთან – აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრების დადგენის თაობაზე.
კრემლის ინფორმაციით, აღნიშნული ფუნქცია მედვედევმა დააკისრა ალექსანდრე გოლოვინს, რომელიც დსთ-ს ქვეყნებთან საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში თავის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა.
”მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპაში ხორციელდება სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალადობრივი ცვლილება, რომელიც ძირს უთხრის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას მთელს რეგიონში,” – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 26 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, ამ ნაბიჯით რუსეთი კიდევ ერთხელ ცდილობს მოახდინოს მარიონეტული რეჟიმების ლეგიტიმაცია და ”ვირტუალური რეალობა სინამდვილედ მოაჩვენოს საერთაშორისო თანამეგობრობას”, რომელმაც სამინისტროს თქმით, მტკიცე პოზიცია უნდა დაიკავოს რუსული მხარის ”ავანტურისტული ქმედებების აღსაკვეთად”.