ახალი მემარჯვენეების და რესპუბლიკელების ალიანსი პრეზიდენტთან დებატებს ითხოვს

ახალი მემარჯვენეების და რესპუბლიკელების ლიდერებმა დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან გამართულ საპროტესტო აქციაზე პრეზიდენტ სააკაშვილთან პირდაპირ ეთერში დებატები მოითხოვეს.

აქციის პარალელურად პრეზიდენტი 1 არხის სტუდიიდან მოსახლეობის კითხვებს პასუხობდა პირდაპირ ეთერში.

”ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გავაპროტესტოთ სიცრუე, ფარსი, ტყუილი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ცდილობს თავს მოახვიოს ქართულ საზოგადოებას,” – განაცხადა აქციაზე ახლების ლიდერმა დავით გამყრელიძემ.  ”მთელი საზოგადოების მოთხოვნა უნდა იყოს ერთადერთი – გადადგეს მიხეილ სააკაშვილი, გადადგეს სანამ ხალხი გადააყენებს”. 

რესპუბლიკელების ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით, სააკაშვილი ”დაადგა პუტინის გზას”. მას მხედველობაში ჰქონდა პრეზიდენტის დღევანდელი პირდაპირი ეთერი, რომლის მსგავსსაც პრემიერი პუტინი მისი პრეზიდენტობის პერიოდიდან ყოველწლიურად მართავდა რუსეთში.

”დარჩა კიდევ რამე რაც სააკაშვილს სასწავლებელი აქვს პუტინისგან? მსგავსი ფარსის, მსგავსი შოუების დიდოსტატი თავად მანამდეც იყო, მაგრამ დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთლიანად და სრულად დაადგა იგი პუტინის გზას,”- განაცხადა უსუფაშვილმა.

Exit mobile version