საქართველოს მასშტაბით 100-მდე საავადმყოფოს მართვას ქართულ-ჩეხურ კომპანია Block Georgia-სთან ერთად ბრიტანული კომპანია UME ჯგუფი განახორციელებს.
კომპანიებს შორის შესაბამის მემორანდუმს 20 იანვარს მოეწერა ხელი. ამ ტიპის გარიგების დადება იყო ჩეხური ბანკის მხრიდან ერთ-ერთი წინაპირობა საქართველოში ჰოსპიტალური ქსელის განვითარების მიზნით გამოყოფილი 300 მლნ ლარის ოდენობით კრედიტის ათვისების დასაწყებად.
Block Georgia-ს გენერალური დირექტორის მამუკა ჯანაშვილის განცხადებით, მემორანდუმი ითვალისწინებს პირველი ქართული ჰოსპიტალური ქსელის შექმნას და იმ 100-მდე საავადმყოფოს მართვას, რაც კომპანიას მშენებლობისა და რეაბილიტაციის მიზნით ტენდერით გადაეცა. ამ მიზნით Block Georgia-მ უკვე განახორციელა 10 მლნ დოლარის ინვესტიცია.
ბრიტანულ კომპანია UME ჯგუფთან, რომელიც მსოფლიოს 23 ქვეყანაში ჯანდაცვის ქსელის მართვას ახორციელებს, მემორანდუმი ჯანდაცვის საერთაშორისო მიმართულების კომპანია ”ჯენერალ ელექტრიკის” ხელშეწყობით გაფორმდა.