skip to content
ახალი ამბები

იაკობაშვილი: ჩვენ არ უნდა წამოვეგოთ რუსეთის პროვოკაციებს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა რუსეთი ”სახელმწიფო ტერორიზმში” დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მოსკოვი ცდილობს თბილისის პასუხის პროვოცირებას, რაც სამხრედრო კონფრონტაციას გამოიწვევს.

მისი თქმით, 16 იანვარს ქართველი პოლიციელის მკვლელობა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად არის ”რუსეთის სახელმწიფო ტერორიზმის აშკარა გამოხატულება”.

”აშკარაა რუსეთის პოლიტიკა, რომელიც ცდილობს, რომ ჩვენ ჩაგვითრიოს სამხედრო კონფრონტაციაში; ამიტომ თუ ჩვენგან იქნება ერთხელ და სამუდამოდ ამ კონფლიქტის გადაჭრის მცდელობა სამხედრო გზით, ამას გამოიყენებენ ისევ ჩვენს წინააღმდეგ,” – განაგრძო მან. ”ჩვენი პოზიცია არის მყარი: ჩვენ არ ვაპირებთ რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციაში ჩართვას… ჩვენ ველოდებით პროვოკაციებს, რადგანაც როგორც ჩანს, პროვოკატორობის მეტი, აღარაფრის ძალა არ შესწევს რუსეთს და ეწევა საერთაშორისო პროვოკაციებს საქართველოში, უკრაინაში, ევროპასთან მიმართებაში და მსოფლიოს დანარჩენ ადგილებში”.

მისი თქმით, კონფლიქტები მხოლოდ მას შემდეგ მოგვარდება, რაც რუსული ძალები დატოვებენ სეპარატისტულ რეგიონებს.

”სამწუხაროდ, დღევანდელი საერთაშორისო ვითარება არ არის ისეთი, რომ ჩვენ ეს მოვახერხოთ უახლოესი ერთი წლის მანძილზე იმიტომ, რომ ახლა იცვლება ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპა ჩართულია გაზის ომში რუსეთის ფედერაციასთან,” – განაცხადა იაკობაშვილმა.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button