პარლამენტმა მაჰმადიანი მესხების რეპატრიაციის ვადებთან დაკავშირებით კანონი მიიღო

პარალმენტმა დღეს მესამე  მოსმენით დაამტკიცა კანონი, რომელიც ითვალისწინებს გასული საუკუნის 40-იან წლებში საბჭოთა რეჟიმის მიერ დეპორტირებული მაჰმადიანი მესხების მიერ საკონსულოებში რეპატრიაციის შესახებ განაცხადების წარდგენის ვადის გახანგრძლივებას 2009 წლის 1 ივლისამდე, ნაცვლად 2009 წლის 1 იანვრისა.

23 დეკემბერს კანონპროექტის განხილვისას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა, რომელმაც რიგგარეშე სხდომაზე კანონპროექტი წარადგინა, განაცხადების მიღების ვადის ექვსი თვით გახანგრძლივების მიზეზად 2008 წელს ქვეყანაში ჩატარებული სამი არჩევნები [საპრეზიდენტო-იანვარში, საპარალემტო-მაისში და აჭარის უმაღლესი საბჭო-ნოემბერში] და ასევე აგვისტოს თვეში განხორიცლებული ”რუსეთის აგრესია” დაასახელა.

მომხსენებლის თქმით, ”კანონი ეხება ე.წ. თურქ-მესხებს  და კანონის ძირითადი არსი მდგომარეობს ვადის გადატანაში, რომელიც ეხება ამ ადამიანების მიერ განაცხადების შეტანას [საკონსულოებში რეპატრიაციის შესახებ]”.

კანონპროექტის თანახმად, მათ, ვისაც დაბრუნება სურთ, უნდა მიმართონ განაცხადით საქართველოს უახლოეს საკონსულოს. ამ დროისთვის ჯერ-ჯერობით მხოლოდ 900 განაცხადია შეტანილი სხვადასხვა ქვეყნების საკონსულოებში.

Exit mobile version