საქართველოს პატრიარქი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ

საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქმა ილია მეორემ განაცხადა მოსკოვში, რომ მას სჯერა, რომ ყველა მხარე დაინტერესებულია იმაში, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული უთანხმოებები მშვიდობიანად მოგვარდეს. 

მოსკოვში ქართულ დიასპორასთან საუბრისას ილია მეორემ განაცხადა: ”ჩვენ [ქართველები და რუსები] ვართ ძმები, ჩვენ ვართ მეგობრები, ჩვენ ვართ ერთმორწმუნე ერი და უფრო ახლოს უნდა ვიყოთ ერთმანეთთან”. მისი ეს განცხადება ქართულმა ტელეკომპანიებმა გადასცეს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, რომელიც მოსკოვში რუსეთის პატრიარქის ალექსი მეორის დაკრძალვაზე დასასწრებად ჩავიდა, რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს შეხვდა.

”მე მქონდა შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან და მე ვფიქრობ, რომ ყველა დაინტერესებული იმაში, რომ ის პრობლემები, რომელიც შექმნილია ჩვენს შორის, მშვიდობიანად გადაწყდეს,” – განაცხადა მან.

ცალკე გაკეთებულ განცხადებაში, რომელიც რუსულმა რადიოსადგურმა ”ეხო მოსკვიმ” გაავრცელა, ილია მეორემ განაცხადა: ”საქართველოს სჭირდება ძლიერი რუსეთი, ისევე როგორც რუსეთს სჭირდება ერთიანი და მეგობრული საქართველო.”

საქართველოს ყოფილმა ელჩმა რუსეთში ზურაბ აბაშიძემ, რომელიც ასევე იმყოფება მოსკოვში ქართული დელეგაციის შემადგენლობაში, განაცხადა, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია ”დადებით და კარგ როლს ასრულებს ჩვენი რთული ურთიერთობების ნორმალურობისკენ შემობრუნების საქმეში”.  

მან ასევე განაცხადა, რომ რუსული ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში დეკემბერის ბოლოს იგეგმება.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაცია მოსკოვს ერთი თვის წინაც ესტუმრა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა. აგვისტოს ომის შემდეგ ეს იყო ორ ქვეყანას შორის პირველი ოფიციალური კონტაქტი. 
 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version