რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბი არ განიხილავს საქართველოში შეჭრის გეგმებს, განაცხადა გენშტაბის უფროსმა ნიკოლაი მაკაროვმა.
”ის ინფორმაცია, თითქოს რუსეთი 2009 წლის გაზაფხულზე აპირებს საქართველოზე თავდასხმას, არაფერს არ ეფუძნება,”- იუწყება 10 დეკემბერს ”ინტერფაქსი” მაკაროვის სიტყვებზე დაყრდნობით.
იმავდროულად, რუსმა გენერალმა თბილისს დააკისრა სრული პასუხისმგებლობა აგვისტოში საომარი მოქმედებების დაწყებაში.
”მე, როგორც გენშტაბის მეთაური ოფიციალურად ვაცხადებ, რომ 8 აგვისტოს 14 საათამდე არცერთი ტანკი არ შესულა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე,”- განაცხადა მან მოსკოვში უცხოელ სამხედრო ატაშეებთან შეხვედრაზე.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 28 ნოემბერს აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებით კომისიას განუცხადა, რომ მან სამხედრო მოქმედებების დაწყებაზე გადაწყვეტილება 7 აგვისტოს მას შემდეგ მიიღო, რაც რუსულმა ძალებმა დაიწყეს როკის გვირაბის მეშვეობით საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა.