დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა კონტროლის პალატის შესახებ კანონპროექტი, რომელიც რიგ სიახლეებს ითვალისწინებს, მათ შორის ოპოზიციური ფრაქციების ჩართულობის გაზრდის კუთხით. თუმცა საპარლამენტო უმცირესობა აცხადებს, რომ ცვლილებები ფუნდამენტურ ხასიათს არ ატარებს.
კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა კანონპროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ ერთ-ერთი ძირითადი სიახლეა კონტროლის პალატაში 9-წევრიანი დავების განხილვის საბჭოს შექმნა, სადაც კონტროლის პალატის ხელმძღვანელობასთან ერთად წარმოდგენილი იქნება პარლამენტის ორი წევრი, მათ შორის ერთი ოპოზიციური ფრაქციიდან.
”ეს იქნება გამჭირვალობის მაჩვენებელი და ნდობის ფაქტორს გააჩენს ოპოზიციასა და კონტროლის პალატას შორის,”- განაცხადა ბეჟაშვილმა.
გარდა ამისა საპარლამენტო ფრაქციებს, მათ შორის ოპოზიციურს, ექნებათ უფლება მოითხოვონ კონტროლის პალატისაგან არაგეგმიური აუდიტის ჩატარება ნებისმიერ საკითხზე სესიის განმავლობაში ერთხელ. ამ კუთხით პარლამენტის თანხმობა აღარ იქნება საჭირო.
კანონპროექტის მიხედვით, კონტროლის პალატის თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით პარლამენტი ამტკიცებს, დამოუკიდებლად დანიშნავს საკუთარ მოადგილეებს. აქამდე მოადგილეებიც პარლამენტის თავმჯდომარის თანხმობით ინიშნებოდნენ.
კანონპროექტის მიხედვით, საპარლამენტო კომისიას კვლავაც ექნება უფლება შეამოწმოს კონტროლის პალატის საქმიანობა და ძალაში რჩება კონტროლის პალატის ანგარიშვალდებულება საკანონმდებლო ორგანოს მიმართ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის გზით.
გარდა ამისა, კონტროლის პალატას ეძლევა უფლება დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მიმართოს პარლამენტს სახელმწიფო უწყების პროგრამული სახსრების ხარჯვის შეჩერების მოთხოვნით.
კიდევ ერთი სიახლეა ის, რომ კონტროლის პალატა ერთვება ავტონომიური რესპუბლიკებისა და თვითმმართველობების საბიუჯეტო ხარჯვის კონტროლის საქმეში. აქამდე კონტროლის პალატა ადგილობრივ დონეზე ამოწმებდა მხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული სახსრების ხარჯვას. ”ეს ნაბიჯი თვითმმართველობის შესახებ ევროპულ ქარტიასთან წინააღმდეგობაში არ მოდის,”- განაცხადა ბეჟაშვილმა.
კონტროლის პალატა, კანონპროექტის მიხედვით, კვლავაც შეამოწმებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და სახელმწიფოს 50%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს. კერძო სამართლის სუბიექტები კი, რომლებიც სახელმწიფო სახსრებს ხარჯავენ, არ დაექვემდებარებიან კონტროლის პალატის პირდაპირ შემოწმებას. მათი ხარჯების კონტროლს კონტრაქტორი სახელმწიფო ორგანოები განახორციელებენ.
გარდა ამისა, კონტროლის პალატას, მისი თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში დაშვება ექნება საგადასახადო ორგანოებში არსებულ საიდუმლო ინფორმაციაზე.
კანონპროექტის მიხედვით, 2012 წლიდან კონტროლის პალატის ძირითადი ფუნქცია, გარდა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობის შემოწმებისა, ასევე გახდება ამ ხარჯების ეფექტურობის კონტროლიც.
საპარლამენტო უმცირესობა აცხადებს, რომ მხარს არ უჭერს ინიციატივას, რადგან წარმოდგენილი ცვლილებები არსებითად არ განსხვავდება მოქმედი კანონმდებლობისაგან და ის ”ფასადურ” ხასიათს ატარებს. უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის შეფასებით, კანონპროექტი ასევე ეწინააღმდეგება დეცენტრალიზაციის პრინციპს.