კარასინმა და მორელმა საქართველოზე იმსჯელეს

2 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს კრიზისის საკითხებში პიერ მორელმა საქართველოს შესახებ იმსჯელეს.

”აქცენტი გაკეთდა ქართული მხარის ქმედებების შედეგად სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ზონებში ვითარების დაძაბვაზე და ასევე რუსეთის და საფრანგეთის პრეზიდენტების 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის შეთანხმებების პრაქტიკულ რეალიზაციაზე,”- იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება.

ამავე ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ჟენევის შეხვედრების ფორმატში არსებული საკითხები, რომლებიც რეგიონში უსაფრთხოებასა და დევნილთა დაბრუნებას ეხება. ჟენევაში რიგით მესამე შეხვედრა 17-18 დეკემბერს არის დაგეგმილი.

”რუსული მხრიდან კვლავ აღინიშნა ევროკავშირის დამკვირვებლებთან ურთიერთქმედების თაობაზე შეთანხმების მიღწევის საჭიროება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ზონებში,”- აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

გაზეთ ”იზვესტიაში” 2 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში გრიგორი კარასინმა ბრალი დასდო თბილისს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების 500-კაციანი დანაყოფის განთავსებასა და 24 საგუშაგოს გახსნაში, რაც მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაა.

საქართველოს შსს-მ 2 დეკემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ მსუბუქად შეიარაღებული საპოლიციო ძალები არიან განთავსებული სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე და კარასინის ბრალდებები ”მტკნარი სიცრუეა”. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რეგიონში ქართული პოლიციის პერმანენტულ მონიტორინგს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ახორციელებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version