კიწმარიშვილი: ომის დაწყებაზე აშშ-სგან მწვანე შუქი არ ყოფილა

ეროსი კიწმარიშვილმა, რუსეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა განაცხადა, რომ გიგა ბოკერია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ავრცელებდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს ივლისში თბილისში ვიზიტის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთში საომარ ოპერაციაზე თანხმობა მისცა.

”მე ვიცი, რომ პირადად ბოკერია ამბობდა ამაზე ბევრჯერ… ამის შესახებ ამბობდა ბევრ ჟურნალისტთან”, – განაცხადა ეროსი კიწმარიშვილმა დღეს სააგენტო ”რია ნოვოსტის” თბილისის ბიუროს ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.

თუმცა მისი თქმით, მან ეს ინფორმაცია გადაამოწმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე დამსწრე პირებთან, მათ შორის აშშ-ის ელჩთან ჯონ ტეფტთან, რომელმაც ”კატეგორიულად უარყო”, თუმცა ოფიციალური პირების ნაწილი, რომელთა ვინაობის დასახელებაზე მან უარი განაცხადა,  ადასტურებდა, რომ ”კონდოლიზა რაისმა მისცა მწვანე შუქი საომარ მოქმედებებს”.

”საქართველოს მთავრობა აცხადებდა, რომ ამერიკა აძლევდა მწვანე შუქს. სინამდვილეში არანაირი მწვანე შუქი არასდროს არ ყოფილა,”- განაცხადა ეროსი კიწმარიშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს ხელისუფლება დამოუკიდებლად მოქმედებდა.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ომისთვის ემზადებოდა როგორც ქართული, ისე რუსული მხარე და იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო გამოძიება დაადგენს სიმართლეს.

მან ასევე განაცხადა, რომ 27 ნოემბერს ოპოზიციურ პარტიებთან და დიპლომატიურ კორპუსთან საჯარო შეხვედრაა დანიშნული, სადაც წარადგენს ინფორმაციას აგვისტოს  ომის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მათ შორის იმ ნაწილსაც, რომელზეც 25 ნოემბერს საპარლამენტო კომისიის წევრებთან დაპირისპირების შედეგად სხდომის ჩაშლის გამო ვერ მოახერხა საუბარი. ამგვარი მოსმენის ჩატარების ინიციატივით კონსერვატიული პარტია გამოვიდა.

კიწმარიშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა სამომავლო გეგმებზე და განაცხადა, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები არ აქვს, თუმცა ”მე მზად ვარ ვითანამშრომლოთ ყველასთან… მე ვიყავი პოლიტიკაში ყოველთვის და მე ვიქნები პოლიტიკაში”.

Exit mobile version