კიწმარიშვილის მოსმენა ომის შემსწავლელ კომისიაზე დაპირისპირებით დასრულდა

ეროსი კიწმარიშვილის დაკითხვა საპარლამენტო კომისიაზე, სატელევიზიო კადრი.

აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომა მას შემდეგ, ჩაიშალა რაც რუსეთში ყოფილი ელჩი ეროსი კიწმარიშვილი 3 საათზე მეტ ხანს საუბრობდა კომისიის წევრებთან დებატების რეჟიმში.

კიწმარიშვილმა მას შემდეგ დატოვა სხდომათა დარბაზი, რაც გავლენიანმა დეპუტატმა უმრავლესობიდან გივი თარგამაძემ მისი მისამართით კალმისტარი ისროლა სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ. პირდაპირ ეთერში, რა რეჟიმშიც სხდომის ტრანსლირება ხდებოდა, გაურკვეველი იყო ის კონკრეტული მიზეზი, რამაც თარგამაძის მოქმედება განაპირობა. თუმცა მან მოგვიანებით, როცა ბოდიში მოიხადა კომისიის წინაშე ინციდენტის გამო, განაცხადა, რომ ვერ მოითმინა შეურაცხმყოფელი სიტყვა ”გარეწარი” კიწმარიშვილისაგან.  

კიწმარიშვილის დაკითხვა კომისიაზე ყველაზე დიდხანს გაგრძელდა ამ დრომდე ჩატარებულ მოსმენებთან შედარებით, სადაც მან რამოდენიმე სკანდალური განცხადება გააკეთა.

მცირე დაძაბულობა სხდომის დაწყებისთანავე წარმოიშვა, როდესაც კიწმარიშვილმა თავისი ჩვენება 2004 წლის მოვლენებიდან დაიწყო. თუმცა, კომისიის თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ სთხოვა მას იმ პერიოდზე გაემახვილებინა ყურადღება, როდესაც მას რუსეთში საქართველოს ელჩის თანამდებობა ეკავა, 2008 წლის აპრილის და 2008 წლის ივლისის პერიოდში. სწორედ ივლისში, მას შემდეგ, რაც რუსეთმა აღიარა, რომ მისმა თვითმფრინავებმა დაარღვიეს საქართველოს საჰაერო სივრცე, კიწმარიშვილი მოსკოვიდან გამოიწვიეს. თუმცა, ყოფილმა ელჩმა დაიჟინა, რომ მას 2004 წლის მოყოლებული სურდა მოვლენების მიმოხილვა, რადგანაც, მისი თქმით, იმ დროს იგი დაახლოებული იყო სააკაშვილთან და მის ადმინისტრაციასთან.

ქვემოთ მოცემულია კიწმარიშვილის ჩვენების ძირითადი პუნქტები:

ამ განცხადებების მოსმენის შემდეგ, კომისიის თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა, რომ ის აპირებს კომისიის სახელით მოითხოვოს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საქმის აღძვრა ეროსი კიწმარიშვილის წინააღმდეგ სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით, რადგან იგი კომისიის სხდომაზე გაჟღერებულ ინფორმაციებს არ აწვდიდიდა ელჩობის დროს საგარეო საქმეთა სამინისტროს.

”ის გამოვიდა შეურაცხყოფით და კომისიაზე მოვიდა პოლიტიკურად ანგარჟირებული,”- განაცხადა დავითაიამ.

თუმცა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და კომისიის წევრმა საპარლამენტო უმცირესობიდან ლევან ვეფხვაძემ იმ ფაქტების გადამოწმებისაკენ მოუწოდა, რომელიც კიწმარიშვილმა კომისიის სხდომაზე გაახმოვანა.

კომისია, რომლის ოფიციალური სახელწოდებაა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია, ასევე მოუსმენს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს და შემდეგ, 28 ნოემბერს პრეზიდენტ სააკაშვილს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version