ტყეშელაშვილი განმუხურის ინციდენტზე კომენტარს აკეთებს

საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკა ტყეშელაშვილმა ”შემაშფოთებელი” უწოდა დღეს დილით განმუხურში მომხდარ სროლებს და განაცხადა, რომ ასეთი ინციდენტები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საერთაშორისო დამკვირვებლები არ იქნებიან დაშვებული უშუალოდ კონფლიქტურ რეგიონებში.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დილით 06:45 საათზე, სოფელ ოტობაიადან სოფელ განმუხურის მიმართულებით დაიძრა რუსული საოკუპაციო ჯარების კუთვნილი ორი ჯავშანტრანსპორტიორი და გადაკვეთა ადმინისტრაციული საზღვარი, რომლებსაც შემოჰყვა შეირაღებული ჯგუფი. სოფელ განმუხურში განლაგებულ ქართულ საგუშაგოსთან მიახლოებისას, მათ ტყვიამფრქვევების და ყუმბარმტყორცნების გამოყენებით ცეცხლი გაუხსნეს იქ განლაგებულ პოლიციელებს. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თუმცა აფხაზური მხარის ცნობით, სროლები ქართული პატრულის მიერ აფხაზეთის ადმინისტრციული საზღვრის გადაკვეთას მოჰყვა.

 

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით კონფლიქტურ ზონებში მომხდარ ყველა ინციდენზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, ვინაიდან ეს ტერიტორიები მათ მიერ არის ”ოკუპირებული”.

 

”მანამ სანამ რუსეთის ოკუპაცია არ დამთავრდება ამ რეგიონებში, მანამ სანამ საერთაშორისო მექანიზმებს არ ექნება შეაძლებლობა ამ რეგიონებში სრული მონიტორინგის განხორციელბის, ჩვენ გვექნება ის ვითარება, როდესაც რუსეთის ქმედებები იქნება ამ მხრივ შეუზღუდავი და ბუნებრივია, ხიფათის შემცველი,”- განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ტყეშელაშვილმა. ”ბუნებრივია ისეთი წნეხი უნდა იყოს განხორციელებული რუსეთზე, რომ საბოლოო ჯამში ბოლო მოეღოს ასეთ პროვოკაციებს”.

 

Exit mobile version