ტყეშელაშვილი: აგვისტოს ომმა MAP-ი გარკვეულწილად შეაფერხა

საგარეო საქმეთა მინისტრის ეკა ტყეშელაშვილის განცხადებით, აგვისტოს საომარმა მოქმედებებმა გარკვეულწილად შეაფერხა საქართველოსთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭების საკითხი.

”იმ ზარალმა, რაც ომის შედეგად განიცადა ჩვენმა თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემამ,  ბუნებრივია, პროცესი არ გააადვილა,”- განაცხადა 19 ნოემბერს ეკა ტყეშელაშვილმა, ”ჩვენ გაცილებით მეტი ძალისხმევა მოგვიწევს საიმისოდ, რომ დავუბრუნდეთ და იმ სტანდარტების შესაბამისი ვიყოთ, რაც ნატოში ინტეგრაციის პროცესისთვის არის აუცილებელი”.

თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ”პოლიტიკური მზაობა” იმისა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, ისევე ძალაშია. ”ამ მხრივ საომარმა მოქმედებებმა არანაირი ცვლილება არ შეიტანა,”- აღნიშნა მან.

ნატომ აპრილის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მისწაფებას პოლიტიკური მხარდაჭერა აღუთქვა, თუმცა MAP-ის მინიჭების საკითხის განხილვა დეკემბრის მინისტერიალზე გადადო.

”ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ MAP-ის მინიჭების საკითხი მყარად იყოს დაყენებული მინისტერიალზე, თუმცა ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმასაც, რა როლს შეასრულებს ის სპეციალური კომისია, რომელიც ნატომ ომის საპასუხოდ შექმნა საქართველოსთან,”- აღნიშნა ტყეშელაშვილმა. 

Exit mobile version