უმცირესობის ლიდერი ხელისუფლებას ანტიქართული პროპაგანდის განეიტრალებისაკენ მოუწოდებს

საქართველომ არ უნდა დაუშვას, რომ მოხდეს საერთაშორისო საზოგადოებრივი აზრის რადიკალურად გარდატეხა ქვეყნის საზიანოდ, განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა ქრისტიან-დემოკრატებიდან გიორგი თარგამაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე.

”საქართველო აშკარად ჯაბნიდა რუსეთის ფედერაციას საინფორმაციო ომის წარმოების დროს,”- განაცხადა მან, ”მაგრამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში აშკარად იგრძნობა ტენდენცია, რომ დამოკიდებულება იცვლება და სამწუხაროდ, ჩვენი მხრიდან რაიმე აქტიურ ნაბიჯებს ვერ ვხედავთ”.

მან მოუწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, უშიშროების საბჭოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას გაააქტიურონ ქმედებები ანტიქართული პროპაგანდის გასანეიტრალებლად.

”არ უნდა დავუშვათ ის, რომ უმანკო მგლის სახე შეიქმნას რუსეთმა ევროპულ მედიაში და ამას გულხელდაკრეფილებმა ვუყუროთ,”- აღნიშნა მან.

ცოტა ხნის წინ გია თორთლაძემ, დეპუტატმა უმცირესობიდან მოითხოვა სპეციალური საპარლამენტო ჯგუფის შექმნა, რომელიც საერთაშორისო მედიას მონიტორინგს გაუწევს და ანტიქართულ სტატიებს პასუხს გასცემს. მაშინ ამ იდეას მიესალმა მმართველი პარტია, თუმცა დღევანდელ სხდომაზე ამ ჯგუფის შექმნაზე ყურადღება აღარ გამახვილებულა.

Exit mobile version