რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სეპარატისტულმა სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა ჟენევაში 18 ნოემბერს დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობა ”თანაბარუფლებიანი პარტნიორების” სტატუსით უნდა მიიღონ.
”ჟენევის შეხვედრა, რომელსაც მედვედევი-სარკოზის შეთანხმება ითვალისწინებს, რეგიონში უსაფრთხოებას ეძღვნება და სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თანაბარუფლებიანი მონაწილეობის გარეშე ეს საუბარი არ შეიძლება პროდუქტიული იყოს,”- იუწყება ”ინტერფაქსი” 9 ნოემბერს ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.
თუმცა თბილისი აცხადებს, რომ ჟენევის შეხვედრის პლენარულ სხდომაში მონაწილეობა უნდა მიიღონ მხოლოდ საქართველოს, რუსეთის და აშშ-ს წარმომადგენლებმა, ხოლო სეპარატისტული ხელისუფლების მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ უსაფრთხოების და დევნილთა დაბრუნების საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფების არაფორმალურ შეხვედრებში.
იმავდროულად, რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, 8 ნოემბერს შარმ-ელ-შეიხში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეხვედრა გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან კონდოლიზა რაისთან და სხვა საკითხებთან ერთად საქართველოში შექმნილი ვითარებაც განიხილა.
”აღინიშნა იმის საჭიროება, რომ არ იქნას დაშვებული სიტუაციის გართულება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ირგვლივ,”- ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების საინფორმაციო შეტყობინებაში.
შარმ-ელ-შეიხში ლავროვი ასევე შეხვდა გაეროს გენერალურ მდივანს ბან გი მუნს და საერთაშორისო დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებთან ერთად აფხაზეთში გაეროს სადამკვირვებლო მისიის მუშაობის პერსპექტივებზეც იმსჯელა. გაეროს მისიის მანდატი 15 თებერვლამდეა გაგრძელებული.