skip to content
ახალი ამბები

ოპოზიცია პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართავს

ათასობით ადამიანი შეიკრიბა 7 ნოემბერს პარლამენტის წინ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, სადაც პოლიციის მიერ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციის დარბევის ერთი წლისთავი აღინიშნება.

აქციის ორგანიზატორმა ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ 6 ნოემბერს განაცხადა, რომ იწყებს კამპანიას, რომლის დროსაც მომდევნო ხუთი თვის მანძილზე პერიოდულად გაიმართება საპროტესტო აქციები, რომლის მიზანიც 2009 წლის გაზაფხულზე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.

კონსერვატორების ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ აქციის მონაწილეებს ოპოზიციის გეგმები გააცნო. ეს გემები 6 ნოემბერს გამოქვეყნებულ საინფორმაციო ბიულეტენში აისახა. კუკავამ ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციამ ”გაუწოდა თანამშრომლობის ხელი ხელისუფლებას, თუმცა ეს უარყვეს”. ”ამიტომ ვაგრძელებთ ბრძოლას,” – დასძინა მან.

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ ”ჩვენ არ დავიღლებით” ბრძოლაში.

”ძალიან ბევრს წყინს რატომ არ მთავრდება დღეს, რატომ არ დამთავრდა გუშინ, რატომ არ გათავდა გუშინწინ. არ შეიძლება, რომ გათავდეს ეს საქმე ისე, რომ საქართველომ წააგოს,”- განაცხადა მან მიტინგზე გამოსვლისას, ”ჩვენ ძალიან მძიმე რეგიონები გვაქვს – ჯავახეთი, ძალიან მძიმე სიტუაცია გვაქვს ქართლში, სხვა რეგიონებში – არ შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევა”. 

”სააკაშვილმა საქართველოს დააკარგვინა ფუნქცია კავკასიაში, სააკაშვილმა საქართველოს დააკარგვინა ფუნქცია მთელ მსოფლიოში, ჩვენ ჩვენი თავი აღარ გვეკუთვნის. სხვა ლიდერები წყვეტენ საქართველოს ბედს. ეს უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ,”- განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მიტინგზე გამომსვლელთა ტრიბუნასთან გაკრულია პლაკატი სახელწოდებით –  ”Stop Russia, Stop Misha".

მოგვიანებით საპროტესტო აქცია პრეზიდენტის რეზიდენციისკენ გადაინაცვლებს და მას შემდეგ დაიშლება, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციას ოპოზიციის წერილს გადასცემს, რომელიც შეიცავს მოთხოვნას 23 ნოემბრამდე ტელეკომპანია ”იმედის” კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნების თაობაზე.

 

This post is also available in: English

Back to top button