რესპუბლიკური პარტიის ლიდერის დავით უსუფაშვილის განცხადებით სიმართლეს არ შეესაბამება პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 4 ნოემბერს გაკეთებული განცხადება, რომ მისი ინიციატივით შედგა ქართველ ოპოზიციონერთა შეხვედრა აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობისა და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებთან.
”ვწუხვარ რომ იგი [პრეზიდენტი] უკვე ასეთ სიცრუესაც კადრულობს, თუმცა მესმის რომ მისი პერსონალური მდგომარეობის დღითიდღე დამძიმების ფონზე, მათ შორის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოც, იგი იძულებულია ახალ უნიჭო პიარ-მანევრებს მიმართოს,” – განაცხადა დღევანდელ პრესკონფერენციაზე დავით უსუფაშვილმა.
უსუფაშვილი აგვისტოს ბოლოს აშშ-ში დემოკრატიული პარტიის ყრილობას დაესწრო, სადაც დემოკრატიული განვითარების ფონდის პრეზიდენტთან ნინო ბურჯანაძესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან და ვიცე-პრემიერთან გიორგი ბარამიძესთან ერთად მნიშვნელოვან შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.
დღესვე რესპუბლიკური პარტიის ლიდერი მიესალმა ბარაკ ობამას აშშ-ის პრეზიდენტად არჩევას და იმედი გამოთქვა, რომ ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან მიმართებაში ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ”ეფექტურ პოლიტიკას” გაატარებს.