პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 4 ნოემბერს, რომ სენატორ ბარაკ ობამას და მის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს ჯო ბაიდენს ”კონკრეტული გეგმები აქვთ საქართველოს გაძლიერების თაობაზე”.
მან ეს სატელევიზიო განცხადება მაშინ გააკეთა, როდესაც არჩევნები ჯერ კიდევ მიმდინარეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. წინასწარი მონაცემებით, ბარაკ ობამამ 4 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატი ჯონ მაკკეინი დაამარცხა.
მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ მოიგებდა არჩევნებს, რადგან ”საქართველოს პოზიციები მაინც გაძლიერდება,” მან თავის კომენტარში ყურადღება ობამას და ბაიდენის პოზიციაზე გაამახვილა საქართველოსთან მიმართებაში.
”სენატორ ობამას ჰქონდა ყველაზე ზუსტი თეზისი საქართველოს შესახებ საარჩევნო კამპანიის დროს; სენატორი მაკკეინი ჩვენი ძველი მეგობარია; ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ბაიდენი ჩვენი და ჩემი ძველი მეგობარია,” – განაცხადა სააკაშვილმა.
”იგი [ბაიდენი] იყო თითქმის ერთადერთი დასავლელი პოლიტიკოსი გასული წლის ნოემბრის მოვლენების დროს [როდესაც სპეცრაზმმა თბილისში საპროტესტო აქცია დაარბია], რომელმაც განაცხადა, რომ ნოემბრის კრიზისი იყო გარედან ჩარევის შედეგი. მან ეს დემოკრატებთან გამართული შიდა დებატების დროს განაცხადა,” – განაცხადა სააკაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ის ფაქტი, რომ საქართველო 1 მილიარდ აშშ დოლარის დახმარებას მიიღებს აშშ-დან ”პირადად ბაიდენის დამსახურებაა”.
”მან პირველად ისაუბრა ამ დახმარების თაობაზე, როდესაც თბილისს ესტუმრა მაშინ, როდესაც თბილისი იბომბებოდა და როდესაც მან რამდენიმე დღე გაატარა ჩვენთან. მას ძალიან კონკრეტული გეგმები გააჩნია საქართველოს და მისი ეკონომიკის გაძლიერების კუთხით,” – განაგრძო სააკაშვილმა. ”იგი ასევე შეხვდა ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლებს, როდესაც ისინი ამერიკაში იმყოფებოდნენ და კონსოლიდაციისკენ მოუწოდა მათ – არა აშშ-ს გულისთვის, აშშ-ს ბევრი სხვა ინტერესი გააჩნია, არამედ საქართველოს გაძლიერებისთვის”.