პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით მმართველი პარტია აჭარის ამომრჩეველთან ”ვალშია”
იმ ნდობის გამო, რომელიც მან 3 ნოემბრის არჩევნებში გამოხატა.
მისი თქმით, არჩევნები ”უჩვეულო” ვითარებაში ჩატარდა, რადგან წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისას ცენტრალური ხელისუფლება არ აქტიურობდა.
”ჩვენ უჩვეულოდ მივუდექით ამ არჩევნებს,”- განუცხადა დღეს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს, ”მიუხედავდა იმისა, რომ ჩემთვის აჭარა მნიშვნელოვანი რეგიონია და საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი იქ არჩევნების შედეგები, მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში პრაქტიკულად არც მე და არც ცენტრალურ მთავრობას არ მიუღია მონაწილეობა საარჩევნო კამპანიაში. მე შეგნებულად ვთხოვე იმ პარტიას, რომელსაც მე თავმჯდომარეობ, რომ არ განეთავსებინა რეკლამა ცენტრალურ არხებზე და ჩვენ რაღაც განსაკუთრებული ფული საარჩევნო კამპანიაზე არ დაგვიხარჯია”.
წინასწარი მონაცემებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ნაციონალურმა მოძრაობამ ხმათა 78%-ზე მეტი მოიპოვა. 5%-იანი ბარიერი ასევე გადალახეს გიორგი თარგამაძის ქრისტიან-დემოკრატებმა, რაც იმას ნიშნავს, რომ აჭარის პარლამენტი ორპარტიული იქნება.
”ჩვენ უნდა გავამართლოთ ეს ნდობა,”- განაცხდაა პრეზიდენტმა, ”ადგილობრივმა მთავრობამ და მისმა თავმჯდომარემ, პირველ რიგში, უნდა გაამართლონ ეს ნდობა და ყველაფერი, რასაც ჩვენ დავპირდით ჩვენს ხალხს და რაც არის დაწყებული უნდა განვახორციელოთ და მივიყვანოთ ბოლომდე”.
იმავდროულად, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების კონგრესის ექვსკაციანმა დელეგაციამ, რომელიც აჭარის არჩევნებს აკვირდებოდა, განაცხადა, რომ ”არჩევნების დღემ მშვიდად და პოზიტიურ ატმოსფეროში ჩაიარა”.
დელეგაციის ინფორმაციით, ვრცელდებოდა ინფორმაცია ამომრჩეველთა სიებში არსებული უზუსტობების თაობაზე, ხოლო ხმების დათვლა და შედეგების გადაცემა ხშირად რთულად მიმდინარეობდა.
ევროპის საბჭოს დელეგაციამ ”ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, გაზრდის თუ არა ახალ უზენაეს საბჭოში მანდატების 30-დან 18-მდე შემცირება რეგიონალურ დემოკრატიას, რაც მთავარი მიზანი უნდა იყოს”.
”ანალოგიური ეჭვები გამოითქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ საბჭოს არ აქვს უფლება პირდაპირ აირჩიოს აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი,” – აღნიშნა დელეგაციამ.