საქართველოს ყოფილმა ელჩმა რუსეთში ეროსი კიწმარიშვილმა, რომელიც ცოტა ხნის წინ ხელისუფლებას გაემიჯნა, განაცხადა, რომ ”კატეგორიულად” მოითხოვს აგვისტოს მოვლენების შემსწავლელ დროებით საპარლამენტო კომისიისგან მის დაბარებას და ჩვენების ჩამორთმევას.
”იმიტომ, რომ მე ვარ იმ პროცესის მონაწილე პირი, რომელიც ივლის-აგვისტოს კონფლიქტს უძღოდა წინ, ყველაფერი ვიცი, თუ რატომ ვერ ავიცილეთ ფართომასშტაბიანი კონფრონტაცია,”- აცხადებს კიწმარიშვილის გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში, რომელიც 3 ნოემბერს გამოქვეყნდა.
მისი თქმით, თუკი კომისია ჩვენებას არ ჩამოართმევს, ”გამოდის, მისი [კომისიის] მუშაობა მხოლოდ შოუს დასადგმელად სჭირდებათ” და არა ”ჭეშმარიტების” დასადგენად.
”ვინც დამნაშავეა ამ კონფლიქტის დაწყებაში საქართველოს მხრიდან, უნდა დაისაჯოს,”- აცხადებს კიწმარიშვილი, ”მეტიც, ასეთმა პირებმა პასუხი უნდა აგონ კანონის წინაშე. მხედველობაში მყავს ძალზე მაღალი რანგის მოხელეები”.
საპარლამენტო კომისიის წევრმა მმართველი პარტიიდან აკაკი მინაშვილმა Civil.ge-სთან საუბარში არ გამორიცხა კიწმარიშვილის დაკითხვა კომისიის მიერ, რომლის სხდომებიც 8 ნოემბრიდან განახლდება.
”საერთოდ ერთს ვიტყვი, რომ ყველას დაბარებას ვაპირებთ, ვისაც შეიძლება რაიმე ფასეული ინფორმაცია გააჩნდეს, მათ შორის შეიძლება იყოს კიწმარიშვილიც,”- განაცხადა მინაშვილმა.
იმავდროულად, კიწმარიშვილი ინტერვიუში პრეზიდენტ სააკაშვილს სამ რჩევას აძლევს, რისი გაზიარებაც მას ხელისუფლების შენარჩუნებასა და თავისი საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე მიყვანაში დაეხმარება.
სააკაშვილის ყოფილი მოკავშირე მოუწოდებს პირველ რიგში აღიაროს, რომ თავისი პრეზიდენტობის ვადაში ვეღარ დაიბრუნებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს, რაც სააკაშვილის მთავარი საარჩევნო ლოზუნგი იყო; ასევე აღიაროს, რომ ომმა ნატოში გაწევრიანების საკითხი გადასწია და ”საქართველოსათვის მაპ-ის მინიჭება უახლოეს პერიოდში მოსალოდნელი არ არის” და მესამე, ”დღესვე” დაიწყოს ურთიერთობა რუსეთთან და არ დაუშვას ორ ქვეყანას შორის ”ბერლინის კედელი”.
”პრეზიდენტმა ეს უნდა აღიაროს და ბოდიში მოუხადოს ლტოლვილებს, ასევე საქართველოს დანარჩენ მოსახლეობას, რომ ეს პროცესი ასე ცუდად წარიმართა,” – აცხადებს კიწმარიშვილი, ”სააკაშვილმა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეინარჩუნოს ხელისუფლება, თუ ის ზემოთ დასახელებულ მოქმედებებს განახორციელებს”.