სახალხო დამცველი პოლიტიკაში წასვლის გეგმებს უარყოფს

საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა კატეგორიულად უარყო პოლიტიკაში მისი შესაძლო წასვლის გეგმები, სულ ცოტა მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე, რომელიც 2009 წლის სექტემბერში სრულდება. 

გაზეთ ”ბათუმელებთან” ინტერვიუში სუბარმა განაცხადა, რომ ამგვარი ტიპის სპეკულაციები ”რა თქმა უნდა, ტყუილია”.

მედიის ვარაუდები სუბარის პოლიტიკური გეგმების შესახებ მას შემდეგ გაიზარდა, რაც სუბარმა დააარსა საზოგადოებრივი მოძრაობა თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის – ”არაფორმალური” და ”აპოლიტიკური ორგანიზაცია,” როგორც სუბარმა 30 სექტემბერს პრეზენტაციაზე განაცხადა. ცოტა ხნის წინ გაზეთი ”რეზონანსი” იტყობინებოდა ლევან გაჩეჩილაძის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ სუბარი აპირებს შეუერთდეს 7 ნოემბერს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას.    

”მე ყოველთვის ვთანამშრომლობ პოლიტიკურ პარტიებთან. ახლა სახალხო მოძრაობა ჩამოვაყალიბეთ, რომელშიც პოლიტიკოსები (და არა პარტიები), არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩვეულებრივი მოქალაქეები იქნებიან გაერთიანებული,” – განაცხადა სუბარმა. ”ხშირად ამბობენ, რომ სახალხო მოძრაობა სცილდება სახალხო დამცველის ფუნქციებს, მაგრამ ეს არასწორი შეხედულებაა”.

მისი თქმით, როდესაც ხელისუფლება არის ”ყრუ და მუნჯი” იმ მოწოდებებთან დაკავშირებით, რომლებიც ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას ეხება, ”გამოდის, უნდა მიმართო იმას, ვინც ხელისუფლების წყაროა ანუ ხალხს”.

Exit mobile version