ოპოზიციის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ მოუწოდა თავის მხარდამჭერებს 7 ნოემბერს საპროტესტო აქცია გამართონ პარლამენტის წინ აქციის დარბევის ერთი წლისთავის აღსანიშნავად.
”ეს არის დღე პოლიციური აპარატის წინააღმდეგ, ეს არის ზოგადად ღირსების დღე,” – განაცხადა მან 20 ოქტომბერს პარლამენტის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე. ”სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს ყველა იმ ქმედებაზე, რომლითაც ზიანი მოუტანა საქართველოს და იმ სისხლის გამო, რომელიც აგვისტოში დაიღვარა”.
მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ კონსერვატორული პარტია ესწრებოდა პარლამენტის წინ გამართულ პრესკონფერენციას, რამდენიმე სხვა პარტიამ, რომლებიც ოპოზიციური კოალიციის წევრები იყვნენ, ახალი მემარჯვენეების ჩათვლით, განაცხადეს, რომ ისინი უერთდებიან აქციას. რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლების თქმით, ისინიც ”შესაძლოა” შეუერთდნენ აქციას, თუმცა მათი თქმით, ამ საკითხზე მიმდინარეობს შიდა კონსულტაციები და პარტიის გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.
კონსერვატორების ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ განაცხადა, რომ 7 ნოემბერს ერთდღიანი აქციის გამართვა იგეგმებოდა.
”თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამაზე გავჩერდებით,” – განაცხადა მან და იქვე დასძინა, რომ ოპოზიცია იწყებს ”საპროტესტო აქციების ახალ ტალღას”.
მისი თქმით, ოპოზიცია ითხოვს დემოკრატიზაციას, კერძოდ საარჩევნო კოდექსის რეფორმირებას და სამაუწყებლო მედიის თავისუფლებას.
მოგვიანებით იმავე დღეს რადიო ”უცნობის” ეთერში საუბრისას, კახა კუკავა შეეცადა ზომიერი ტონი შეენარჩუნებინა და განაცხადა, რომ ოპოზიცია არ გეგმავს პოლიტიკური მოთხოვნების რადიკალიზაციას.
მართალია მან განაცხადა, რომ ”გამორიცხული არაფერია” – კითხვაზე მოითხოვს თუ არა ოპოზიცია პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომას, მან აღნიშნა: ”ჩვენ რეალისტები უნდა ვიყოთ და ემოციურ მოთხოვნებს არ უნდა ჩავეჭიდოთ”.
კუკავას თქმით, ოპოზიციას სურს მნიშვნელოვანი დიალოგი გამართოს ხელისუფლებასთან, რათა შეეცადონ და მიაღწიონ პროგრესს დემოკრატიულ რეფორმებში.
როგორც ჩანს, ოპოზიციური პარტიები 7 ნოემბერს საკუთარი თავის გამოცდად მიიჩნევენ. ”თუმცა ბევრი ჩვენი მომხრე იმედგაცრუებული და დაღლილია და ფიქრობს, რომ ჩვენს მიზნებს ვერ მივაღწიეთ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ბრძოლა,” – განაცხადა კუკავამ.
იმავდროულად, ის პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც საპარლამენტო უმცირესობის წევრები არიან, სკეპტიკურად არიან განწყობილნი საპროტესტო აქციების მიმართ.
”სანამ არ მოხდება სიტუაციის ნორმალიზება [აგვისტოს ომის შემდეგ], საპროტესტო აქციების გამართვა, ჩემი აზრით, მხოლოდ პუტინის და მედვედევის გეგმებს შეუწყობს ხელს,” – განუცხადა დეპუტატმა გია თორთლაძემ საპარლამენტო უმცირესობიდან საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს 20 ოქტომბერს. თორთლაძე ოპოზიციური კოალიციის ყოფილი წევრია. მან კოალიცია მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტის ბოიკოტირებაზე უარი განაცხადა.