ევროკავშირის ლიდერებმა გადადეს პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებები რუსეთთან

ევროკავშირის ლიდერებმა 16 ოქტომბერს ბრიუსელში გამართული სამიტის შემდეგ განაცხადეს, რომ რუსეთის გასვლა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან არის ”მნიშვნელოვანი დამატებითი ნაბიჯი” ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 12 აგვისტოს და 8 სექტემბრის შეთანხმებების განხორციელების საქმეში.

ევროკავშირის ლიდერებმა არ მიიღეს გადაწყვეტილება რუსეთთან პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებების განახლების თაობაზე და დაავალეს ევროკომისიას ”განაგრძოს ევროკავშირი-რუსეთის ურთიერთობების სრულმასშტაბიანი სიღრმისეული შეფასება” 14 ნოემბერს ნიცაში დაგეგმილ რუსეთ-ევროკავშირის სამიტამდე.

13 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გადადეს გადაწყვეტილების მიღება რუსეთთან პარტნიორობის და თანამშრომლობის ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებების აღდგენასთან დაკავშირებით, რადგანაც არსებობს უთანხმოება იმასთან დაკავშირებით იყო, თუ არა რუსეთის გასვლა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებიდან საკმარისი ამ მოლაპარაკებების აღსადგენად.

ეს ორი საკითხი ერთმანეთს 1 სექტემბერს დაუკავშირდა, როდესაც ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება: ”სანამ ჯარები არ გავლენ 7 აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე, მოლაპარაკებები [რუსეთთან] პარტნიორობის შეთანხმების თაობაზე გადაიდება”.

”ევროკავშირის ოცდაშვიდივე წევრი სახელმწიფო მიესალმება რუსული ძალების გასვლას, თუმცა აღიარებენ, რომ ამით სრულად არ შესრულდა რუსეთის მიერ 12 აგვისტოს სამშვიდობო გეგმით აღებული ვალდებულებები,” – იტყობინება Deutsche Presse-Agentur (DPA) ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ მილიბენდის სიტყვებზე დაყრდნობით 16 ოქტომბერს.

ბრიტანეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და პოლონეთთან ერთად, ევროკავშირის იმ წევრ სახელმწიფოებს შორისაა, რომლებიც რუსეთის მიმართ უფრო მკაცრ პოზიციას ემხრობიან, როდესაც საქმე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების შეფასებას ეხება.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version