საზოგადოებრივ მაუწყებელზე რეგულარული დებატების თაობაზე ცვლილება მიიღეს

პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მიიღო მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს დებატების რეგულარულად გამართვას ავალდებულებს.

კანონპროექტი, რომელიც ანტიკრიზისული საბჭოს ფარგლებში მომზადდა, ადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვალდებულებას არჩევნებს შორის პერიოდში სისტემატურად განათავსოს ეთერში პოლიტიკური დებატები,  პარლამენტში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალისა და იმ პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლების თანაბარი მონაწილეობით, რომლებიც დაფინანსებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებენ. 

”ამ კანონის მიღების შემდეგ საზოგადოებრივ მაუწყებელზე დებატების არსებობა ნამდვილად არ იქნება დამოკიდებული რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფზე და ის უკვე კანონით იქნება გარანტირებული,”- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ ინიციატივის განხილვისას.

აღნიშნული ინიციატივა პრეზიდენტის დემოკრატიული რეფორმების ახალი ტალღის ნაწილია. 

საზოგადოებრივ მაუწყებელზე წინასაარჩევნო დებატები 3 ოქტომბერს აღდგა მას შემდეგ, რაც პოლიტიკური თოქ-შოუ ”დღის კომენტარი” მაყურებელს 17 ივნისს დაემშვიდობა სექტემბრამდე, საზაფხულო არდადეგების მოტივით. 

Exit mobile version