ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ფოთის პორტის სახელმწიფო წილის 24%-ის, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის 60% წილის, ასევე საქართველოს ფოსტისა და ქუთაისის მიმდებარე კოპიტნარის აეროპორტის პრივატიზების საკითხებს განიხილავს.
ამის შესახებ Civil.Ge-ს ეკონომიკის სამინისტროში აცნობეს. თუმცა სამინისტრომ არ დააკონკრეტა, როდის ან რა პირობებით იგეგმება აღნიშნული ობიექტების პრივატიზება.
ფოთის პორტის აქციათა 51%-ს 49 წლის ვადით არაბული რას ალ ხაიმას საამიროს საინვესტიციო ფონდი აკონტროლებს, რომელიც 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს ფოთში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარების მიზნით.