ქართველმა სამართალდამცავებმა რუსული სამხედრო მანქანა და მისი მძღოლი დააკავეს

დღეს, შუადღისას, მცხეთის რაიონის სოფელ ოძისის სამხრეთით ქართველმა სამართალდამცავებმა  სამხედრო აღჭურვილობით დატვირთული რუსული სამხედრო ავტომანქანა და მისი მძღოლი დააკავეს და ეუთოს წარმომადგენლებს გადასცეს რუსულ მხარეს დასაბრუნებლად, იტყობინება საქართველოს შსს.  

”ქართულმა პოლიციამ გააჩერა რუსული სამხედრო ავტომანქანა, რომელიც  დატვირთული იყო ასაფეთქებელი ნივთიერებებით, დეტონატორებით, კავშირგაბმულობის ჩამხშობი მოწყობილობებითა და ქართული სამხედრო ფორმებით,”- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში, ”დაკავებული ავტომანქანა თავისივე ტვირთით და ავტომანქანის მძღოლით გადაეცა ეუთოს წარმომადგენლებს, რომლებიც მათ გადასცემენ რუსულ მხარეს”.

რუსმა მძღოლმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის რუსეთის რეგულარული არმიაში მსახურობს და 5 დღეა საქართველოს ტერიტორიაზე ჩრდილოეთ ოსეთიდან ჩამოვიდა.

”მე კოლონას ჩამოვრჩი და გზა ამებნა,”- განაცხადა მან, ”მე უბრალოდ მითხრეს, რომ გავყოლოდი კოლონას და მეც გავყევი, არ ვიცი სად მივდიოდი”.  

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, განუცხადა ჟურნალისტებს: ”ფაქტია, რომ რუსები აგრძელებენ სამხედრო ოპერაციებს საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში”. 

Exit mobile version