ბურჯანაძე გამოძიებისკენ მოუწოდებს, სააკაშვილი აცხადებს, რომ თანახმაა

იმ მოწოდებების ფონზე, რომ მოხდეს რუსეთთან კონფლიქტის მიზეზების დეტალური გამოძიება, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 12 სექტემბერს, რომ არცერთი შეკითხვა არ უნდა დარჩეს პასუხის გარეშე და ამ საკითხის შესწავლის მიზნით იგი ”მომხსენებელთა ჯგუფის” შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

ამ განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, ამერიკის შეერთებული შტატების და ევროპის ტურნედან დაბრუნებულმა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ თბილისში პრესკონფერენცია გამართა და ”სერიოზული გამოძიებისკენ” მოუწოდა იმის შესასწავლად, თუ რამდენად იყო შესაძლებელი ომის თავიდან აცილება.

ანალოგიური მოწოდებები მან ადრეც გაახმოვანა დასავლურ მედიასთან  ინტერვიუებში.

ბურჯანაძემ, რომელიც ამჟამად დემოკრატიული განვითარების ფონდის პრეზიდენტია, განაცხადა, რომ კითხვების დასმის დრო მოვიდა.

”ხელისუფლებამ უნდა გასცეს კომპეტენტური და დასაბუთებული პასუხი კითხვას: შეიძლებოდა თუ არა აგვისტოს მოვლენების თავიდან აცილება,” – განაცხადა ბურჯანაძემ პრესკონფერენციაზე.

რამდენიმე ოპოზიციურმა ლიდერმა ასევე მოითხოვა პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. თუმცა, ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მისი საბოლოო პოზიცია დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ადეკვატურად იმოქმედებს ხელისუფლება და რამდენად ადეკვატურ პასუხს გასცემს ქვეყანაში არსებულ რეალობას.

მისი თქმით, ამის მიხედვით გადაწყვეტს ”რა გადაწყვეტილებას მიემხრობა” და ”რა დოზით დადგება” ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი.

”თუ პასუხი იქნება, რომ ჩვენ გავიმარჯვეთ, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ჩვენ არ გაგვიმარჯვია. ჩვენ ძალიან მწარედ დავმარცხდით ყველა მიმართულებით,”- განაცხადა მან, ”მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხალხი ჩავარდეს უიმედობაში”.

”გამოსავალი არის და გამოსავლის მიღწევა შეიძლება მხოლოდ სწორი ადეკვატური და რაციონალური ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში.  სხვა შემთხვევაში არა მარტო ეს მდგომარეობა შენარჩუნდება, არამედ შეიძლება უარესი მდგომარეობაც მივიღოთ,”- აღნიშნა მან.

ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ის საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და პოლიტიკურ წრეებთან აქტიური კონსულტაციების შედეგად მოითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას. მისი თქმით, შესათანხმებელია საგამოძიებო ფორმატი.

”უნდა ჩატარდეს სერიოზული გამოძიება იმასთან დაკავშირებით, თუ რა უძღოდა ამ მოვლენებს წინ და როგორ მოვედით ჩვენ ამ ვითარებამდე,”- განაცხადა მან.
 
”ვიცით, რომ კოკოითმა დაიწყო სროლები ქართული სოფლების მიმართულებით, ჩვენ ვიცით ისიც, რომ რუსეთმა არაფერი არ გააკეთა ამ სროლების შესაჩერებლად. ამის შემდეგ შესაძლებელი იყო თუ არა მოვლენების შემდგომი განვითარების თავიდან აცილება, შეიძლებოდა თუ არა სხვაგვარად ემოქმედა ხელისუფლებას, თუ ეს იყო ერთადერთი გზა, ამას სჭირდება არგუმენტირებული, დასაბუთებული, დოკუმენტური პასუხი და რა თქმა უნდა, ეს ხელისუფლებამ უნდა დაასაბუთოს, რადგან ინფორმაცია აქვს ხელისუფლებას, მან იცის რა იყო მოტივაცია ამ გადაწყვეტილების მიღების,”- განაცხადა ბურჯანაძემ.

მან იქვე აღნიშნა, რომ ”კატეგორიულად მიუღებელია ხელისუფლების მხრიდან კითხვების დასმის აკრძალვის მცდელობაც კი”.

მან ასევე განაცხადა, რომ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი იყო, რომ რუსეთი ცდილობდა საქართველოს პროვოკაციაში ჩათრევას და დასავლელი პარტნიორები მუდმივად აფრთხილებდნენ თბილისს ამის წინააღმდეგ.

”სამწუხაროა, რომ ჩვენ ვერ შევძელით ამ პროვოკაციის თავიდან აცილება,”- განაცხადა მან.

მან ასევე განაცხადა, რომ დღეს ხელისუფლების მხრიდან არ არის ”პროპაგანდის” დრო. ”დღეს უნდა ითქვას სიმართლე, რაოდენ მწარეც არ უნდა იყოს ის,”- დასძინა მან. ”სიმართლე კი არის ის, რომ საქართველო იმყოფება უკიდურესად კრიტიკულ ვითარებაში, ბევრად უარეს მდგომარეობაში ვართ კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით, ვიდრე ბოლო 10 წლის განმავლობაში ვიყავით და პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ კონფლიქტების დარეგულირებასთან ჩვენ დღეს ახლოს არ ვართ. თუმცა არცერთი ქართველი არ შეეგუება არასოდეს აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვას”.

ამავდროულად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცა, განაცხადა, რომ ხელისუფლება უნდა მოემზადოს რუსეთის აგრესიის გარშემო ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად და აღნიშნა, რომ თანახმაა ეს საგამოძიებო პროცესი საპარლამენტო ფორმატში წარიმართოს.

”მე მივესალმები, სხვათაშორის იმას, რომ პარლამენტს, ოპოზიციას, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს აქვთ სხვადასხვა კითხვები ამ რუსეთის აგრესიის გარშემო, ამ ომის გარშემო და ბევრ დეტალზე უნდათ დამატებითი ინფორმაცია,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, ”ეს კითხვები არის აბსოლუტურად სამართლიანი და ყოველ მათგანს აბსოლუტურად უნდა გაეცეს პასუხი და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ გავცეთ პასუხი”.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს მისი იდეა არ არის, მხარს უჭერს პარლამენტში შეიქმნას შესაბამისი მომხსენებელთა ჯგუფი.

”გავაკეთოთ მომხსენებლების ჯგუფი, აბსოლუტურად გავხსნათ ეს ინფორმაცია, დაინიშნოს, მათ შორის ოპოზიციის წარმომადგენელი მომხსენებლებად, მიიღონ მთელი ინფორმაცია, რაც არსებობს და არცერთი კითხვა არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი,”- განაცხადა მან, ”მე იმედი მაქვს, რომ ეს ჯგუფი იმუშავებს  სწრაფად, ეფექტურად, ამომწურავად, არ დატოვებენ პატარა კითხვასაც კი პასუხის გაცემის გარეშე. მე იმედი მაქვს, რომ ჩატარდება შესაბამისი მოსმენები, დებატები, გამჭვირვალე საპარლამენტო პროცესი”.

პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც ყველაზე მწვავე კითხვებს სვამენ ხელისუფლების მისამართით არასაპარლამენტო ძალები არიან. საპარლამენტო პარტიებს შედარებით ლოიალური პოზიცია აქვთ ხელისუფლების მიმართ.

თუმცა მთავრობის წევრებთან საუბრისას სააკაშვილმა დღეს ასევე ახსენა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართვა საგამოძიებო პროცესში.

”ჩვენ გვინდა, რომ ყველანაირი მასალები, სამხილები, რომელიც ჩვენ გვაქვს და საკმარისზე მეტი გვაქვს, გადავცეთ ამ საპარლამენტო პროცესს, არასამთავრობო ორგანიზაციებს,”- განაცხადა მან.

პრეზიდენტმა ასევე გაიმეორა, რომ ის მზადაა საერთაშორისო გამოძიება ჩატარდეს აგვისტოს მოვლენებზე.

”საქართველო გახდა სრულიად არა პროვოცირებული, თავხედური, თავზეხელაღებული რუსული პროვოცირების ობიექტი და ჩვენ ამ სიმართლეს ყველა საერთაშორისო დონეზე აქტიურად დავამტკიცებთ,”- განაცხადა მან.

მისი თქმით, საქართველო დემოკრატიული სახელმწიფოა და  ”არ არსებობს საკითხი, რომელიც ჩვენ ვიცით და საზოგადოებამ არ უნდა იცოდეს”.

”ჩვენი განსხვავება რუსეთისაგან არის ის, რომ იქ ყველა გადაწყვეტილებას იღებს ერთი ადამიანი  და ყველა დანარჩენი ამ ერთი ადამიანის თუნდაც ყველაზე უფრო უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას უკრიტიკოდ იღებს,”- განაცხადა მან, ”ჩვენი სიძლიერეა, რომ ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას დიდხანს ვათანხმებთ და შემდეგ დიდხანს ვაბარებთ ანგარიშს საზოგადოებას ყველა მოვლენაზე”.

პრესკონფერენციაზე ნინო ბურჯანაძემ ასევე მოუწოდა მედიის მეტი თავისუფლებისაკენ და განაცხადა, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე მაინც უნდა გაჩნდეს დისკუსიის გამართვის შესაძლებლობა.

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ პრესკონფერენციაზე საუბრისას ასევე დაადასტურა, რომ ის აპირებს პოლიტიკური პარტიის შექმნას, რისთვისაც აქტიურ კონსულტაციებს მართავს. თუმცა, დეტალებზე საუბრისგან მან თავი შეიკავა.

 

Exit mobile version