კომერსანტი: პუტინს სოხუმის და ცხინვალის აღიარება ჯერ კიდევ 8 აგვისტოს ჰქონდა გადაწყვეტილი

რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის მიერ 11 სექტემბერს სოჭში დასავლელ ჟურნალისტებთან და ექსპერტებთან შეხვედრაზე გაკეთებულმა განცხადებებმა ცხადყო, რომ მოსკოვი უკვე 8 აგვისტოს განიხილავდა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის აღიარების საკითხს, იტყობინება რუსული გაზეთი ”კომერსანტი”.

”მან [პუტინმა] შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია, რომ როდესაც ის ჩინეთში იმყოფებოდა, იგი ქვეყნის ხელმძღვანელობას შეხვდა და განუცხადა მათ, რომ მას ძალიან კარგად ესმის ჩინეთის პრობლემები ტაივანთან დაკავშირებით და ამგვარი ტიპის სხვა პრობლემებიც, და სწორედ ამიტომ მან უთხრა, რომ სურს მოაშოროს ჩინეთის ხელმძღვანელობას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ ფიქრის ტვირთი, ” – იტყობინება ”კომერსანტი”.

”რომ არაფერი ითქვას ჩინეთისგან ამგვარი ტვირთის ნამდვილად მოხსნაზე, ვლადიმერ პუტინმა თავისდაუნებურად აღნიშნა, რომ იგი უკვე 8 აგვისტოს, ომის დაწყების დღეს  ფიქრობდა [აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის] დამოუკიდებლობის აღიარებაზე,” – წერს გაზეთი.

იმავე შეხვედრაზე პუტინმა გააკრიტიკა აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, რადგანაც მან ვერ შეძლო ზეწოლა მოეხდინა თბილისზე გადაეფიქრებინა შეტევა ცხინვალზე. პუტინის თქმით, იგი ორჯერ შეხვდა ბუშს პეკინში.

”მათ [ქართულმა ძალებმა] შეტევა [7 აგვისტოს] 23:30 საათზე დაიწყეს. მე ამის შესახებ მეორე დილას გავიგე. მე ვესაუბრე ბუშს. მან მითხრა ”არავის უნდა ომი”. ჩვენ ველოდით, რომ რაღაც მოხდებოდა,” – იტყობინება Guardian-ი პუტინის სიტყვებზე დაყრდნობით. ”მე ისევ შევხვდი მას [ბუშს] სტადიონზე. დეტალურად ვერ გეტყვით ამ საუბრის შინაარსს, მაგრამ ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ მისი ადმინისტრაცია არაფერს არ გააკეთებდა კონფლიქტის შესაჩერებლად”.   

მან ასევე უარყო ბრალდებები იმის თაობაზე, რომ რუსეთმა ”არაპროპორციული ძალა” გამოიყენა საქართველოს წინააღმდეგ – ეს ტერმინი ხშირად გამოიყენება დასავლელი ოფიციალური პირების მიერ საქართველოში რუსეთის ინტერვენციის შესაფასებლად.

”დიახ, ჩვენ გავცდით სამხრეთ ოსეთს, რადგანაც საქმე ეხებოდა სამხედრო ინფრასტრუქტურას… თქვენ გეგონათ, რომ ჩვენ ჯიბის დანებით ვიომებდით? როდესაც ტანკები, სარაკეტო სისტემები და მძიმე არტილერია გამოიყენება ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენ შურდულებიდან უნდა ვისროლოთ? … ისინი [ქართველებს] უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ ’სიფათში’ მიიღებდნენ,” – განაცხადა პუტინმა.

Exit mobile version