რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 11 სექტემბერს თავის ამერიკელ კოლეგას კონდოლიზა რაისს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონების შიგნით მხოლოდ რუსული სამხედრო კონტიგენტები განთავსდებიან.
რუსეთისა და ამერიკის პირველმა დიპლომატებმა, რუსეთის საგარეო უწყების თანახმად, 8 სექტემბერს მოსკოვში რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს დიმიტრი მედვედევსა და ნიკოლა სარკოზის შორის მიღწეული შეთანხმებები განიხილეს.
”მინისტრმა [ლავროვმა] აღნიშნა, რომ როგორც ამ შეთანხმებებშია ჩაწერილი, დამატებითი საერთაშორისო დამკვირვებლები განთავსდებიან მხოლოდ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მიმდებარე ზონებში, თბილისის მხრიდან ახალი აგრესიის აღკვეთის მიზნით, ამასთან, იმის გარანტი. რომ ცხინვალის და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალა არ იქნება გამოყენებული ევროკავშირია”.
”რაც შეეხება ამ სახელმწიფოების [საქართველოს სეპარატისტული რეგიონების] შიგნით გასატარებელ ზომებს მათივე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ისინი უკვე მიღებულია იქ რუსული სამხედრო კონტიგენტების განთავსების გზით რუსეთის მხრიდან სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიღწეული ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე,”- იუწყება რუსეთის საგარეო უწყება სატელეფონო საუბრის შესახებ.
ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსული მხარე გააგრძელებს ”ენერგიულ ძალისხმევას” მედვედევი-სარკოზის შეთანხმებების შესაბამისად რეგიონში სტაბილურობის მისაღწევად.