გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მოუწოდა საქართველოსა და რუსეთს დათანხმდნენ საერთაშორისო გამოძიებას, რათა გაირკვეს შეიარაღებული კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები, იუწყება ”როიტერი” 5 სექტემბერს.
მისი თქმით, გამოძიების შედეგები განსაზღვრავს დასავლეთის მომავალ ურთიერთობებს რუსეთთან და საქართველოსთან.
”თუ ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება სამხედრო კონფრონტაციის გაღვივებაში იქონიებს მნიშვნელობას [ჩვენი ურთიერთობების განსაზღვრაში],”- განუცხადა შტაინმაიერმა გერმანულ გაზეთ Hannoversche Allgemeine Zeitung-ს.
”შესაძლოა, ეს სრულად არც არასდროს გაირკვეს. მაგრამ მე მოვუწოდებ ორივე მხარეს იყვნენ გახსნილები აგვისტოს დასაწყისის მოვლენების საერთაშორისო გამოძიების მიმართ,”- დასძინა მან.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა გამოძიების პროცესი გაეროს ან ეუთოს ეგიდით წარიმართოს.
17 აგვისტოს გერმანიის კანცლერთან ანგელა მერკელთან თბილისში ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა კატეგორიულად უარყო ნებისმიერი ვარაუდები იმის თაობაზე, რომ მისი ადმინისტრაციაა დამნაშავე რუსეთთან შეიარაღებულ კონფლიქტის დაწყებაში და მზადყოფნა გამოხატა საერთაშორისო გამოძიებისთვის, რათა გაირკვეს, თუ რამ გამოიწვია კონფლიქტი.
“ჩვენ ვართ ის, ვინც დაუყონებლივ მოითხოვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეშვება ადგილზე და ის, ვინც გამჭირვალობისკენ მოუწოდებს,” – განაცხადა მან.
იმავდროულად, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 5 სექტემბერს საფრანგეთში შეიკრიბნენ, რათა განიხილონ საქართველოში დამკვირვებლების გამოგზავნის საკითხი.