აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის თბილისში გაკეთებული განცხადებები მხოლოდ გაზრდის ”სააკაშვილის რეჟიმის აგრესიულ ამბიციებს”, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა 5 სექტემბერს.
”ამ ტიპის განცხადებები, პირველ რიგში ახალი დაპირებები თბილისის დაჩქარებულ ინტეგრაციაზე ნატოში, მხოლოდ გააძლიერებს სააკაშვილის რეჟიმის დაუსჯელობის გრძნობას და მის აგრესიულ ამბიციებს,”- იუწყება ”ინტერფაქსი” რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ანდრეი ნესტერენკოს სიტყვებზე დაყრდნობით.
”ბატონმა ჩეინიმ ასევე ისაუბრა საქართველოსთვის დახმარების ახალ პაკეტზე – სხვათა შორის ამ დახმარების ღირებულება თითქმის უტოლდება თბილისის თავდაცვის ბიუჯეტს,”- დასძინა მან.
ივლისში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 2008 წლის ბიუჯეტში ცვლილებები, რომლითაც თავდაცვის ხარჯები 295 მლნ ლარით გაიზარდა და ამ სფეროს მთლიანმა ბიუჯეტმა წელს 1.395 მლრდ ლარი შეადგინა.