თბილისი ერაყში ჯარის დაბრუნებას არ ჩქარობს – დეპუტატი

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე არ შეიძლება ქართული საჯარისო დანაყოფების დაბრუნება ერაყში.

ამერიკულმა C-17 ტიპის თვითმფრინავებმა 10 და 11 აგვისტოს საქართველოში ერაყიდან 2 ათასი ქართველი ჯარისკაცი მას შემდეგ დააბრუნეს, რაც თბილისმა ამის შესახებ ვაშინგტონს რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე მიმართა.  

”ეს გადაწყვეტილება [ერაყში ჯარების დაბრუნებაზე] უნდა იყოს მიღებული იმ საფრთხეებიდან გამომდინარე, რომელიც ქვეყნის წინაშე არსებობს,”- განაცხადა გივი თარგამაძემ 5 სექტემბერს გაზეთ ”რეზონანსში” გამოქვეყნებულ საგაზეთო ინტერვიუში.

”მგონია, რომ ჯერჯერობით ამის გაკეთება არ შეიძლება. ეს ძალა უნდა იყოს  საქართველოში კონცენტრირებული. ვინაიდან ჩვენ ვნახეთ, რომ ნაწილობრივ პრობლემატური აღმოჩნდა ამ ძალების სწრაფი გადმოსროლა, რამაც საომარი მოქმედებების დროს გარკვეული პრობლემა შექმნა,”- აღნიშნა მან, ”აქედან გამომდინარე ვთვლი, რომ ვიდრე ბოლომდე არ არის მოხსნილი მყისიერი საფრთხე, სამშვიდობო ოპერაციებში ხელახალი ჩართვა არ იქნება სწორი”.

Exit mobile version