საქართველომ 7 აგვისტოს შეუტია ცხინვალს, რაც ”შეცდომა” იყო, თუმცა მიუხედავად ამისა ეს არ ყოფილა ომის დასაწყისი, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ მეთიუ ბრაიზამ.
”თქვენ იცით, რომ განსხვავებული შეხედულებები გვაქვს იმისგან, რაც მოსკოვიდან მოდის ამ კონფლიქტის დაწყების შესახებ,”- განუცხადა ბრაიზამ ჟურნალისტებს ვაშინგტონში 3 სექტემბერს, ”ეს არ დაწყებულა 7 აგვისტოს საქართველოს თავდასხმით ცხინვალზე, რაზეც ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ შეცდომა იყო, არამედ დაიწყო გაცილებით ადრე, სამხრეთ ოსური შეიარაღებული ფორმირებების პროვოკაციების წყალობით, სხვათა შორის, რომლებიც რუსი ოფიცრების ბრძანებით მოქმედებდნენ”.
”ასე რომ, საქართველოს ომი არ დაუწყია. საქართველო ამაში ჩაითრიეს. ეს მშვიდობის მოყვარე ქვეყანაა,”- აღნიშნა მან.
აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა 3 სექტემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი არ ასრულებს საფრანგეთის პრეზიდენტ სარკოზის შუამავლობით მიღწეული ექვს-პუნქტიანი შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს.
”რუსეთს ჯერაც არ შეუსრულებია ის ვალდებულებები, რაზეც პრეზიდენტი მედვედევი რამდენიმეჯერ არწმუნებდა საფრანგეთის პრეზიდენტს, რომ ამას გააკეთებდა,”- განაცხადა მან, ”დროა რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ძალები, ასევე თუ აპირებს განახორციელოს უსაფრთხოების დამატებითი ზომები, ეს უნდა შეესაბამებოდეს სარკოზის შეხედულებებს. მხოლოდ რუსეთზე არ არის საქართველოს ავტომაგისტრალის სიახლოვეს საგუშაგოების გახსნა, საქართველოს პორტებში დგომა, რომელსაც საერთაშორისო კომერციული ფუნქცია აქვთ და ნორმალური ვაჭრობასა და მიმოსვლაში ჩარევა”.
იმავდროულად, მეთიუ ბრაიზამ საქართველოსთვის იარაღის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებასთან დაკავშირებით მოსკოვის ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა: ”საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, მშვიდობიანი ქვეყანა, დემოკრატია, რომელსაც საკუთარი არმიის განვითარების უფლება აქვს, როგორც საკუთარი თავის დასაცავად, ისე კოალიციურ ოპერაციებში თავისი წვლილის შესატანად, როგორც ეს უკვე გააკეთა ერაყში ეფექტურად”.