საერთაშორისო სავალუტო ფონდი (სსფ) საქართველოს თვრამეტთვიანი კრედიტის სახით 750 მლნ აშშ დოლარს გამოუყოფს, თუმცა ეს ფინანსური პაკეტი უნდა დაამტიკოს სსფ-ის დირექტორთა საბჭომ, რომელიც საქართველოს მოთხოვნას სექტემბრის შუა რიცხვებში განიხილავს.
კრედიტის გამოყოფის შესახებ შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან სსფ-ს მისიამ მიაღწია, რომელიც თბილისს 23 აგვისტოს-3 სექტემბერს სტუმრობდა.
”სსფ-ის საკრედიტო ხაზის მიზანია საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერა და ბოლოდროინდელი კრიზისის შედეგად წარმოქნილი ეკონომიკური და ფინანსური შედეგების აღმოფხვრა,”- ნათქვამია სსფ-ის პრესრელიზში.
სსფ იმავდროულად აცხადებს, რომ კრედიტი ასევე მიზნად ისახავს საგარეო დაფინანსების ”შესაძლო შეფერხების ნაწილობრივ გადაფარვას” და ”საქართველოს მიმართ უცხოური ბაზრების ინტერესისა და ინვესტორების რწმენის შენარჩუნებას”.
3 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკის განვითარების მინისტრმა ეკატერინე შარაშიძემ განაცხადა, რომ წელს ეკონომიკური ზრდა 5-6% იქნება, ნაცვლად დაგეგმილი ორნიშნა მაჩვენებლისა, რასაც საქართველოს მთავრობა აგვისტოს საომარ მოქმედებებამდე მოელოდა.