რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი არ შეცვლის პოზიციას აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით.
”სამართლებრივი თვალსაზრისით, ახალი სახელმწიფოები წარმოიქმნა. მათი აღიარების პროცესი შეიძლება გაგრძელდეს საკმაოდ ხანგრძლივი ვადით,”- განუცხადა მედვედევმა 31 აგვისტოს რუსულ ტელეკომპანიებს ინტერვიუში, რომელიც კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, ”ამის გამო ჩვენი პოზიცია არანაირად არ შეიცვლება. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ და აღარ გადაისინჯება”.
მედვედევის განცხადებით, ამჟამად მზადდება რუსეთ-აფხაზეთის და რუსეთ სამხრეთ-ოსეთის სამოკავშირეო ხელშეკრულებები.
”ამ საერთაშორისო შეთანხმებებში დაფიქსირდება ჩვენი ყველა ვალდებულება მხარდაჭერისა და დახმარების აღმოჩენის კუთხით: ეკონომიკურ, სოციალურ, ჰუმანიტარულ, ამ სიტყვის ფართო გაგებით და ბოლოს, სამხედრო სფეროებში,”- განაცხადა მედვედევმა, ”ეს იქნება ნორმალური, სრულყოფილი საერთაშორისო-სამართლებრივი, სამოკავშირეო ურთიერთობები”.
მან ასევე დაასახელა ის ხუთი ძირითადი პრინციპი, რომლითაც რუსეთის თავის საგარეო პოლიტიკაში იხელმძღვანელებს, მათ შორის იმ პრინციპებით, რომ მსოფლიო უნდა იყოს მრავალპოლარული, რადგან ერთპოლარულობა მიუღებელია; რუსეთი არ აპირებს იზოლირებას; პასუხს მიიღებს ყველა ის, ვინც აგრესიულად მოექცევა რუსეთის მოქალაქეებს; რუსეთი აქტიურად იმუშავებს მეზობელ რეგიონებთან, სადაც ”პრივილეგირებული ინტერესები” გააჩნია.