ახალი მემარჯვენეების ლიდერი დავით გამყრელიძე დღეს აშშ-ში მიემგზავრება, სადაც 1 სექტემბერს აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის ყრილობას დაესწრება და ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვედრებს გამართავს სახელმწიფო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, იუწყება ახალი მემარჯვენეების პრესსამსახური.
დავით გამყრელიძემ 26 აგვისტოს გაზეთ ”რეზონანსში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს ჯონ მაიკკეინს უჭერს მხარს.
”დღევანდელ სიტუაციაში, რუსეთის ასეთი გათავხედების პირობებში, ამერიკას ნამდვილად სჭირდება მაკკეინისნაირი პრეზიდენტი, რომელიც რუსეთთან მიმართებაში პოლიტიკას ბევრად მკაფიოდ და მკაცრად აყალიბებს,”- განაცხადა მან,
გამყრელიძემ ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არის მცდელობა, რომ ”მომავალში ყოველგვარი კრიტიკა და შეკითხვები მტრის პოზიციად იქნეს აღქმული”, მნიშვნელოვანია, რომ ”ყველაფერ იმას, რაც მოხდა ძალიან სწორი შეფასება მიეცეს, სწორი ანალიზი გაკეთდეს და პასუხისმგებლობაც სწორად გადანაწილდეს”.
”ვინც რა უნდა დამაბრალოს, მე ამას აუცილებლად გავაკეთებ,”- განაცხადა მან და იქვე დასძინა, რომ ”მთავრობის შეცდომებსა და არასწორ ნაბიჯებს არანაირი კავშირი არ აქვს რუსული მხარის მიერ ჩადენილ ბარბაროსობასთან”.
მან ასევე განუცხადა ”რეზონანსს”, რომ ”უახლოესი თვეების განმავლობაში სააკაშვილის შეცვლაზე და გადაყენებაზე საუბარი არასწორი და წარმოუდგენელია,” თუმცა ”გარკვეული პერიოდის” შემდეგ ვადამდელი არჩევნები არ გამორიცხა.